კერძოდ, ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს 12 ნოემბრის ნოტაში ნათქვამია, რომ უწყებამ მიიღო ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის ნიმუში, თანდართული ინფორმაცია და ზემოხსენებული დოკუმენტი აღიარებულია ესტონეთში მგზავრობისთვის ვალიდურ დოკუმენტად.
რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილის ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, საქართველო მიესალმება ესტონეთის გადაწყვეტილებას.
"ჩვენ მივესალმებით ესტონეთის ამ გადაწყვეტილებას და მადლობას ვუხდით ქვეყნის ხელისუფლებას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან რაც უფრო მეტი ქვეყანა აღიარებს სტატუს ნეიტრალურ დოკუმენტს, მით უფრო გაიზრდება მისი ვალიდურობა, მიმზიდველობა და მისდამი ნდობა. საქართველოს ახალი მთავრობა ამ დოკუმენტს განიხილავს, როგორც კონფლიქტური რეგიონების მოსახლეობისთვის თავისუფალი გადაადგილების საშუალებას", - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი და ნეიტრალური პირადობის მოწმობა წარმოადგენს ჰუმანიტარული ხასიათის საბუთს, რომელიც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მოსახლეობას სოციალური სერვისების მიღებისა და საზღვარგარეთ თავისუფლად გადაადგილების საშუალებას აძლევს.
ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი ამ დროისათვის აღიარებულია იაპონიის, ჩეხეთის, ლატვიის, ლიტვის, სლოვაკეთის, აშშ-ის, ბულგარეთის, პოლონეთის, ისრაელისა და ესტონეთის მიერ.