სახელმწიფო მინისტრის ვიზიტი პანკისის ხეობაში

3 December 2012

მინისტრის ვიზიტი პანკისის ხეობის სოფ. დუისის კულტურის სახლში შედგა. შეხვედრას დაესწრნენ პანკისის ხეობის მოსახლეობა, უხუცესები, პედაგოგები.

ბატონი პაატა ზაქარეიშვილი მიესალმა მოსახლეობას და ისაუბრა პანკისის ხეობის მნიშვნელოვან როლზე ქვეყნის სახელმწიფო პოლიტიკაში და გამოთქვა მზადყოფნა ხეობის ნებისმიერი პრობლემის გადაწყვეტის საქმეში აქტიურ თანამონაწილეობასა და თანამშრომლობისათვის. მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ხეობის ქისტი მოსახლეობა ისტორიულად და დღესაც იყო და არის ერთერთი ყველაზე ერთგული ნაწილი საქართველოს სახელმწიფოსი და პირობა მისცა, რომ მათი წვლილი აუცილებლად იქნება დაფასებული ახალი ხელისუფლების მხრიდან.

მოსახლეობამ თავის მხრივ გამოხატა თავისი ღრმა პატივისცემა სახელმწიფო მინისტრის მიმართ და მადლობა გამოთქვა ამ მეტად მნიშვნელოვანი შეხვედრისათვის.

მოსახლეობამ განსაკუთრებული აქცენტი განათლების სფეროში არსებულ სირთულეებზე გააკეთა, ასევე მწვავედ დააყენეს მათი მშობლიური, ჩეჩნური ენის ასიმილაციის საშიშროების საფრთხე და მოითხოვეს, რომ სკოლებში შემოღებულ იქნას მათი მშობლიური ენის სწავლება, რაც თავის მხრივ იქნება გარანტი მათ ისტორიულ სამშობლოსთან - ჩეჩნეთთან ურთიერთობების აღდგენისა.

ასევე, პრობლემები აღმოჩნდა ახალგაზრდების დასაქმების, მათი სხვადასხვა სახის პროექტებსა და პროგრამებში ჩართულობის ამაღლების მხრივ, რუსეთთან სავიზო რეჟიმის გამარტივების, საზღვრის გადაკვეთისას შექმნილი ხელოვნური შეფერხებების, ინფრასტრუქტურის მოწყობის, ისტორიული მემკვიდრეობის გადარჩენისა და სპორტის სფეროში.

ბოლოს, მოსახლეობამ ბატონ პაატა ზაქარეიშვილს მიმართა თხონვით, რათა ობიექტურად მოხდეს ლაფანყურის სპეცოპერაციის გამოძიება.