სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის დღე მნიშვნელოვანია მოსახლეობის იმ ნაწილისთვის, რომელიც ჯერ კიდევ არ გრძნობს თავს საქართველოში ინტეგრირებულად.
"ეს პირველ რიგში ეხება რელიგიურ და ეთნიკურ უმცირესობებს მიკუთვნებულ პირებს. ჩვენი სახელმწიფო მინისტრის აპარატის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია კონფლიქტების მოგვარების გარდა, საქართველოს მოქალაქეების რეალური ინტეგრაციაა. ამდენად,ჩვენ ვულოცავთ რა საქართველოს მოსახლეობას ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს, ცალსახად ვადასტურებთ ახალი მთავრობის განწყობას და მზადყოფნას,დაიცვას იმ მოქალაქეების უფლებები, ვინც მიიჩნევს, რომ რელიგიურ თუ ეთნიკურ უმცირესობების მიკუთვნებულობის გამო მათი უფლებები ჯერ კიდევ არ არის სრულყოფილად რეალიზებული",- განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.
ამასთან, მან აღნიშნა, რომ საქართველოში მთავრობის შეცვლის შემდეგ აშკარაა რელიგიური ნიშნით გარკვეული პროვოკაციების ნიშნები, რაც სახელმწიფო მინისტის შეფასებით, ყოვლად დაუშვებელია. პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით, რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი მაქსიმალურად ცდილობს, ეს საკითხები შეისწავლოს და დაარეგულიროს.
"ჩვენი აპარატი მოუწოდებს მოსახლეობას და იმ ორგანიზაციებს, რომლებიც უმცირესობებს მიკუთვნებულ პირთა უფლებების დაცვას ცდილობენ, ვიდრე ირწმუნებენ საზოგადოებაში მოარულ ხმებს ადამიანის ფუნდამენტალური უფლებების მიზანმიმართულად შეზღუდვის მცდელობის შესახებ, მჭიდროდ ითანამშრომლონ ჩვენს აპარატთან. მოვუწოდებთ ამ ორგანიზაციებს, პირველ რიგში სახელმწიფო მინისტრის აპარატს მომართონ, რათა შესაბამისად მოხდეს ამ უფლებების დაცვა სახელმწიფოს სახელით", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.
მან მაგალითად თეთრი წყაროს რაიონის სოფელ წინწყაროში განვითარებული მოვლენები დაასახელა.
"ყველა სახელმწიფო სტრუქტურა მობილიზებული იყო და იცოდა მოსალოდნელი რისკების შესახებ. თუმცა, გამოჩნდნენ ორგანიზაციები, რომლებმაც ისე, რომ არ იცოდნენ, რას აკეთებდა სახელმწიფო, შექმნეს საზოგადოებაში დაძაბულობის განწყობა, რასაც რეალობასთან საერთო არაფერი ჰქონდა", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.
დღეს, 10 დეკემბერს ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება.