ჰუმანიტარული საკითხების სამუშაო ჯგუფის შეხვედრაში რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ქეთევან ციხელაშვილი მონაწილეობდა. როგორც ქეთევან ციხელაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ აღნიშნა, ქართული მხარის წარმომადგენლობის ახალმა შემადგენლობამ საქმიანი და პრაგმატული პოზიცია დააფიქსირა.
"ეს იყო საკმაოდ რთული რაუნდი. ჩვენ გვქონდა საქმიანი პოზიცია და მზად ვიყავით, განგვეხილა ის კონკრეტული ნაბიჯები, რომელთა გადადგმა და შეთავაზებაც ჟენევის დისკუსიების ფორმატში - უსაფრთხოების და ჰუმანიტარული საკითხების ჯგუფებშია შესაძლებელი".
სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ ჰუმანიტარული საკითხების ჯგუფის შეხვედრის პირველი ნაწილი შედგა, თუმცა, მეორე ნაწილი დატოვეს მონაწილეებმა რუსეთიდან, ასევე სოხუმიდან და ცხინვალიდან.
"ამდენად, ჩვენ არ მოგვეცა საშუალება, დაგვეყენებინა ის კონკრეტული საკითხები, რომლებიც განრიგით გვქონდა გათვალისწინებული. კერძოდ, მათ შორის ახალგორისთვის გაზის მიწოდების საკითხი, წყალმომარაგების პროექტები, დევნილთა დაბრუნებისა და ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზებზე თავისუფლად გადაადგილების თემები. თუმცა, მონაწილეებმა რუსეთიდან, ასევე სოხუმიდან და ცხინვალიდან შეხვედრა ისე დატოვეს, რომ მათგან ვერანაირი არგუმენტი ვერ მოვისმინეთ. სამწუხაროდ, მათ ჩვენს კონსტრუქციულ პოზიციას ასევე კონსტრუქციული მიდგომით არ უპასუხეს", - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
თუმცა, სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ ასევე აღნიშნა, რომ ჰუმანიტარული საკითხების ჯგუფის შეხვედრის პირველ ნაწილში რამდენიმე თემის, მათ შორის ადამიანის უფლებების დაცვის საკითხის განხილვა მოხერხდა.
"იმედს ვიტოვებთ, რომ მომავალში პროცესი მეტ რაციონალურობას შეიძენს", - განაცახდა სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ.
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მომდევნო - 23-ე რაუნდი 26-27 მარტისთვის დაინიშნა.