პაატა ზაქარეიშვილი ნინოწმინდაში იმყოფებოდა

15 December 2012

სახელმწიფო მინისტრი სამცხე-ჯავახეთში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების და ნინოწმინდის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე საქართველოში ეთნიკურად სომეხი მოქალაქეების ინტეგრაციის პრობლემებზე იმსჯელეს. გამოიკვეთა რამდენიმე კონკრეტული მიმართულება, კერძოდ, სახელმწიფო ენის შესწავლის, სკოლებში ორენოვანი სწავლების და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პრობლემები.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა სახელმწიფო მინისტრთან შეხვედრაზე აღნიშნეს, მიზანშეწონილი იქნება, თუ სკოლებში ორენოვანი სწავლების პროგრამაში დაემატება გეოგრაფიისა და ისტორიის საგნების შესწავლა, რათა ადგილობრივმა მოზარდებმა ადრეული ასაკიდანვე უკეთ შეძლონ ქართული ენის ათვისება. მათივე თქმით, თავის მხრივ, პრობლემას იწვევს სახელმძღვანელოებისა და ქართული ენის მცოდნე პედაგოგების ნაკლებობა. პრობლემაზე საუბრისას სახელმწიფო მინისტრმა აღნიშნა, რომ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებმა სახელმწიფო ენა სრულყოფილად უნდა შეისწავლონ, რათა მომავალში საკუთარი პერსპექტივების ეფექტურად რეალიზება შეძლონ.

"მოქალაქეს სკოლა უშვებს და სწორედ სკოლიდან უნდა დაიწყოს ამ პრობლემის მოგვარება. სახელმწიფო საბიუჯეტო სახსრებით შეეცდება ამ საკითხის მოგვარებას, ასევე შეგვიძლია, ხელი შევუწყოთ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და დონორებს შორის თანამშრომლობას", - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.

შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ რუსულენოვანი ტელეკომპანია "პიკის" დახურვის შემდეგ რეგიონის მოსახლეობა მისთვის გასაგებ ენაზე ინფორმაციას ვეღარ იღებს.

"იმისთვის, რომ შევიტყოთ, თუ რა ხდება საქართველოში, უცხოური ტელეარხების ყურება გვიწევს. ჩვენ კი გვსურს, ჩვენს სახელმწიფოში მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაცია ქართული ტელეკომპანიების საშუალებით მივიღოთ", - განაცხადეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.

პაატა ზაქარეიშვილმა აღნიშნულ პრობლემაზე საუბრისას განაცხადა, რომ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის საკითხის მოგვარება აუცილებლად მოხდება.

"ეს პრობლემა ასე არ დარჩება. იმ შემთხვევაში, თუ არ განახლდება "პიკის" მუშაობა, შესაძლოა, პრობლემა სინქრონული თარგმანის დანერგვით გადავჭრათ", - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.

შეხვედრაზე საუბარი სხვა მიმართულებებსაც შეეხო - სოფლის მეურნეობას, ჯანდაცვას, ცენტრალურ ხელისუფლებასთან მუდმივი კონტაქტის საკითხს.

"სოფლის მეურნეობა და ჯანდაცვა ჩვენი მთავრობის პრიორიტეტებია და ეს პრობლემები ისევე მოგვარდება ამ რეგიონში, როგორც მთელ საქართველოში. აქ მოსმენილ პრობლემებს უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე ჩემს კოლეგებს წარვუდგენ. პირადად მე კი ვგეგმავ, რეგიონში ხშირად ჩამოვიდე და სწორედ თქვენგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე შევადგენთ ჩვენი აპარატის მომავალი წლის გეგმას", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.