პაატა ზაქარეიშვილი For.ge-ს პრესკლუბს სტუმრობდა

20 December 2012

პაატა ზაქარეიშვილმა სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობაზე ისაუბრა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

მან აღნიშნა, რომ რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის პორტფელში ორი მიმართულება შედის - კონფლიქტების დარეგულირება და სამოქალაქო ინტეგრაცია. სახელმწიფო მინისტრის შეფასებით, ამჟამად ინტეგრაციის მიმართულებით ნაბიჯების გადადგმა ნაკლებ სირთულეებთან არის დაკავშირებული, ვიდრე კონფლიქტების მიმართულებით და სწორედ ამიტომ, აპარატის საქმიანობის დიდი ნაწილი სწორედ ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენელთა ინტეგრაციის სფეროში ხორციელდება.

სახელმწიფო მინისტრმა ასევე აპარატის სახელის შესაძლო შეცვლის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ტერმინი რეინტეგრაცია ამ უწყების საქმიანობას და რეალობას არ შეესაბამება.

"2008 წლის თებერვლამდე არსებობდა სახელწოდება - სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოგვარების საკითხებში. როგორც კი ეს სახელი დღევანდელი სახელწოდებით შეიცვალა, ოსურმა და აფხაზურმა მხარეებმა სახელმწიფო მინისტრთან კონტაქტი მაშინვე გაწყვიტეს და დღემდე თავს იკავებენ ურთიერთობისგან. ეს ტერმინი არც მე მომწონს, მაგრამ მთავარია, რომ ის რეალობას არ შეესაბამება. სწორედ ამიტომ, განიხილება რამდენიმე ვარიანტი. როგორც ცნობილია, სახელმწიფო მინისტრის აპარატი პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე იქმნება. ჩვენ თანამშრომლობის რეჟიმში ვართ და საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

პასუხად კითხვაზე, თუ როგორ აპირებს სახელმწიფო მინისტრის აპარატი თანამშრომლობაზე დაითანხმოს აფხაზური და ოსური მხარეები, პაატა ზაქარეიშვილმა აღნიშნა, რომ კონფლიქტების მოგვარება გრძელვადიანი და დინამიური პროცესი იქნება.

"მაგალითად, ჟენევის ბოლო რაუნდის ერთ-ერთი სესია მონაწილეებმა სოხუმიდან და ცხინვალიდან ისე დატოვეს, რომ არც მოუსმენიათ ის შეთავაზებები, რაც ჩვენ ჩავიტანეთ. ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი არ აღმოჩნდნენ მზად ახალ მთავრობასთან კონკრეტულ საკითხებზე საუბრისთვის. მათი ამგვარი რეაქცია დინამიკაში ანალიზისთვის საინტერესო ნიშანია. მოხდა ცვლილება - შეიცვალა ის მდორე ვითარება, რომელიც ბოლო დრომდე იყო", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

სახელმწიფო მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ მისი უწყების მომდევნო ქმედებებში არ იქნება არც აფხაზური და ოსური მხარეების და არც საქართველოს სახელმწიფო ინტერესების საწინააღმდეგო ნაბიჯები.

სახელმწიფო მინისტრი აფხაზებისა და ოსებისთვის საქართველოს სახელმწიფოს მიმზიდველობის საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ საქართველოს შეეძლება მათ უსაფრთხოებისა და განვითარების ისეთი პერსპექტივა შეთავაზოს, როგორსაც რუსეთი ვერასოდეს შესთავაზებს.

"ეს არც შედის რუსეთის ინტერესებში. ამასთან, 2-3 წლის შემდეგ იმჟამინდელ საქართველოსა და იმჟამინდელ რუსეთს შორის ძალიან დიდი განსხვავება იქნება. ჩვენ აფხაზებსა და ოსებს თავს ძალით არაფერს ვახვევთ - არც ტყვიებს ვესვრით და არც ვარდებს. მშვიდობის ეტაპი როდესმე აუცილებლად დგება და ჩვენი მთავრობა აცნობიერებს, რომ ეს ეტაპი სწორედ ახლა იწყება. პოლიტიკის შეცვლას თვეები, პირველი ნაბიჯების გადადგმას კი შესაძლოა, 2-3 წელიწადი დასჭირდეს. ამ ნაბიჯების შედეგი კი შესაძლებელია, 6-7 წელიწადში მივიღოთ. ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს იმას, რომ ამ ხნის განმავლობაში მე უნდა ვიყო მინისტრი, მთავარია, სამშვიდობო პოლიტიკა გაგრძელდეს", - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.

პაატა ზაქარეიშვილმა კომენტარი რუსეთთან ურთიერთობებში საქართველოს პრემიერის სპეციალურ წარმომადგენლად ზურაბ აბაშიძის დანიშვნის შესახებაც გააკეთა და აღნიშნა, რომ ეს ინსტიტუტი საქართველომ გამოსავლის გამონახვის მიზნით შექმნა.

"თუ არაფერი გავაკეთეთ, არაფერი შეიცვლება. ძალიან კარგი შედეგია ის, რომ ზურაბ აბაშიძე და გრიგორი კარასინი შეხვედრების გაგრძელებაზე შეთანხმდნენ. ასევე გამოიკვეთა რამდენიმე მიმართულებაც, რომლებზეც მსჯელობაა შესაძლებელი. ჩვენ ილუზიებით არ ვიკვებებით, მაგრამ ვიცით, რომ თუ ნაბიჯები არ გადადგი, შედეგს ვერ მიიღებ", - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.