პაატა ზაქარეიშვილი პოლონეთის ელჩს შეხვდა

21 December 2012

შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. პაატა ზაქარეიშვილმა ელჩს კონფლიქტების დარეგულირების მიმართულებით ახალი მთავრობის ხედვები გააცნო.

სახელმწიფო მინისტრის შეფასებით, პოლონეთი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია.

"ჩვენთვის მნიშვნელოვანია, გავუზიაროთ პოლონელ პარტნიორებს ჩვენი გეგმები, რათა მათ შეძლონ, თამამად დაიცვან საქართველოს ინტერესები საერთაშორისო დონეზე სხვადასხვა არენაზე. ვიმსჯელეთ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში არსებულ პრობლემებზე და იმ გზებზე, თუ როგორ შეიძლება, ევროკავშირი ჩართული იყოს ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური ურთიერთობების მოგვარებაში", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

სახელმწიფო მინისტრმა და ელჩმა ასევე განიხილეს რუსეთთან ურთიერთობების პოლონეთისეული გამოცდილება.

"პოლონეთის მაგალითი აჩვენებს, რომ შესაძლებელია, სახელმწიფომ არ დათმოს ევროპული ინტეგრაცია და ამავდროულად მოაწესრიგოს ურთიერთობა რუსეთთან", - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.