ქეთევან ციხელაშვილი ეროვნული პლატფორმის შეხვედრაში მონაწილეობდა

24 December 2012

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ახალ მთავრობას გააჩნია ნება და მზაობა სამოქალაქო სექტორთან თანამშრომლობა გაააქტიუროს და შეხვედრები რეგულარულად გამართოს. თანამშრომლობის მთავარი პრიორიტეტი იქნება ევროკავშირთან ინტეგრაცია, რომელიც ასევე მოიცავს რეინტეგრაციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მიმართულებებსაც.

"პლატფორმის ფარგლებში არსებობს კონფლიქტების დარეგულირების ქვეჯგუფი. ჩვენ გამოვხატეთ ამ ქვეჯგუფთან თანამშრომლობის სურვილი. ამგვარი გაცვლა სამოქალაქო სექტორთან უახლოეს მომავალში შედგება", - განაცხადა ქეთევან ციხელშვილმა.

აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების მხრიდან პლატფორმის დღევანდელ შეკრებაში ასევე მონაწილეობდნენ სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილი და ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე.

ქეთევან ციხელაშვილი 2012 წლის იანვრიდან ოქტომბრამდე - სახელმწიფო მინისტრის მოადგილედ დანიშვნამდე პლატფორმის არჩეული თავმჯდომარე იყო.

აღმოსავლეთ პარტნიორობის საქართველოს ეროვნული პლატფორმა, რომელიც ევროკავშირის მხარდაჭერით, აღმოსავლეთ პარტნიორობის პრიორიტეტების ხელშეწყობის მიზნით არის შექმნილი, საქართველოში მოქმედ 106 არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს.