პაატა ზაქარეიშვილმა შეხვედრა სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელ ფილიპ ლეფორთან, გაეროს სპეციალურ წარმომადგენელ ანტი ტურუნენი და ეუთოს სპეციალურ წარმომადგენელ ანდრეი დეშიცასთან გუშინ გამართა. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ქეთევან ციხელაშვილი.
შეხვედრაზე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მომდევნო რაუნდის სავარაუდო დღის წესრიგის თემებზე ისაუბრეს.
"ეს იყო კონსტრუქციული, სამუშაო შეხვედრა. თანათავმჯდომარეებს ჩვენი პოზიციები მკაფიოდ გავაცანით", - განაცახდა სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა.
მისივე განცხადებით, იმის მიუხედავად, რომ ჟენევის დისკუსიების 22-ე რაუნდზე ჰუმანიტარულ საკითხებზე მომუშავე ჯგუფში მონაწილეებს თბილისიდან წინადადებების წარდგენის საშუალება არ მიეცათ, ქართული მხარე იმედოვნებს, რომ მომდევნო რაუნდზე შესაძლებელი იქნება კონკრეტულ საკითხებზე საქმიან რეჟიმში მსჯელობა.
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მომდევნო რაუნდი 26-27 მარტისთვის არის დაგეგმილი.