საჯარო დისკუსია ჟენევის პროცესის შესახებ

24 January 2013

დისკუსია 23 იანვარს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალურ ბიუროში გაიმართა.

სახელმწიფო მინისტრის მოადგილესთან ერთად ძირითადი მომხსენებლები საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის ელჩი გიუნტერ ბეჰლერი და საქართველოს რეფორმების ასოციაციის დირექტორი სერგი კაპანაძე იყვნენ. მათ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების გამოცდილების, ფორმატის ცვლილების შესაძლებლობასა და მოსალოდნელ შედეგებზე იმსჯელეს.

ქეთევან ციხელაშვილმა დისკუსიების მონაწილეებს ჟენევის პროცესის ბოლო - 22-ე რაუნდის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და ფორმატის შესაძლო მოდიფიცირებაზე იმსჯელა.

"საქართველოს მთავრობისთვის, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ არსებული ფორმატი შენარჩუნდეს. ამ დისკუსიებს აქვს თავისი მანდატი, რომლის ფარგლებშიც უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარულ საკითხებს განიხილავს. ჩვენი სურვილია, ჟენევის პროცესს მეტი დინამიკა შევძინოთ კონკრეტული საკითხების განხილვითა და გადაჭრით. ამიტომ საუბარი ნებისმიერი სახის მიდიფიცირებაზე სწორედ ამ მიზანს უნდა პასუხობდეს. ჩვენ ვართ მოქნილები, მზად ვართ თემების განხილვისთვის, მაგრამ ნათლად უნდა დავინახოთ, რას მოგვიტანს ფორმატის შეცვლა. ზოგადად, მიგვაჩნია, რომ არ უნდა მოხდეს ჟენევის პროცესის ზედმეტად დრამატიზება და გადაჭარბებული მოლოდინითაც არ უნდა ვიყოთ განწყობილი", - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

ელჩმა გიუნტერ ბეჰლერმა აღნიშნა, რომ ჟენევის პროცესში ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ნდობის არარსებობა იყო. მას მიაჩნია, რომ ნდობის ამაღლებაზე ყველა მხარემ უნდა იზრუნოს. ამასთან, ელჩის აზრით, არ უნდა მოხდეს ყველა საკითხის პოლიტიზირება. მან რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის ინსტიტუტის შექმნის დადებით მხარეზეც ისაუბრა.

მსგავსი არხი საჭიროა დე-ფაქტო ხელისუფლებების წარმომადგენლებთანაც. არ ვფიქრობ, რომ ამჟამად ჟენევის მოლაპარაკებები საფრთხის ქვეშაა, მაგრამ თუ მომავალში ეს პროცესი შეფერხდება, უნდა ამოქმედდეს პარალელური არხები, რათა მოვლენები დადებითად განვითარდეს", - განაცხადა შვეიცარიის ელჩმა.

სერგი კაპანაძემ კი აღნიშნა, რომ არსებული ფორმატი 2008 წელს მძიმე სამუშაოს შედეგად შეიქმნა და მისი მცირე რყევაც კი ფორმატის დაშლას გამოიწვევს.

მომხსენებლებმა შეკრებილი საზოგადოების კითხვებსაც უპასუხეს.