"ეს ახალგაზრდები, რომლებიც 2008 წელს დაიკარგნენ, თავს საქართველოს მოქალაქეებად არ მიიჩნევდნენ, მაგრამ ქართული კანონმდებლობით ისინი საქართველოს მოქალაქეები არიან. ამდენად, ამ ვითარების გარკვევა ჩვენი ერთ-ერთი ვალდებულებაა. ამასთან, როგორც ჩანს, საომარი მოქმედებების დროს ისინი ქართულ მხარესთან კონტაქტის შემდეგ გაუჩინარდნენ. ამ საქმეებით დაინტერესდა ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა იმჟამინდელი უმაღლესი კომისარი თომას ჰამარბერგი. მან საქართველოში ჩამოიყვანა სისხლის სამართლის მაღალი კვალიფიკაციის ორი სპეციალისტი, რომლებმაც გამოიძიეს ეს საქმე და დაადგინეს, რომ კვალი ქართულ მხარეს იკარგება. ამდენად, ეს ჩვენი პრესტიჟის საკითხიც არის, რომ ქართულ პოლიციას, სამართალდამცავ ორგანოებს ტალახი ჩამოვრეცხოთ და საქმე საფუძვლიანად გამოვიძიოთ", - აცხადებს პაატა ზაქარეიშვილი.
"ინტერპრესნიუსთან" საუბრისას სახელმწიფო მინისტრი ასევე აღნიშნავს, რომ თომას ჰამარბერგმა დასკვნით დოკუმენტში გასცა რეკომენდაცია, რომ საქმე არა შინაგან საქმეთა სამინისტროს, არამედ პროკურატურას გამოეძიებინა.
"ვიცი, რომ ამჟამად პროკურატურას უამრავი უსამართლობის გამოძიება და სააკაშვილის მთავრობის დროს სამართალდამცავ ორგანოებში არსებული განუკითხაობის სააშკარაოზე გამოტანა უწევს. თუმცა, ამ საქმის გამოძიება კიდევ უფრო მეტად მნიშვნელოვანია, რამდენადაც კონფლიქტის მოგვარებასაც ეხება. თუ ჩვენ შევძლებთ, მკვდარი წერტილიდან დავძრათ გამოძიება ამ მოქალაქეების გაუჩინარების შესახებ, ძალიან სერიოზულ ნაბიჯს გადავდგამთ ქართულ-ოსური შერიგების გზაზე", - აღნიშნა სახელმწიფო მინისტრმა.
ამასთან, მინისტრის შეფასებით, ეთნიკურად ოსი მოქალაქეების გაუჩინარების შესახებ სიმართლის დადგენით აფხაზური საზოგადოებაც დაინახავს, რომ საქართველო, როგორც სახელმწიფო იცვლება.
"ეს იქნება იმის ნიშანი, რომ ჩვენი სახელმწიფო ანგარიშს უწევს თავის ხალხს - აფხაზებსა და ოსებს. ამ ნაბიჯის დახმარებით ასევე მნიშვნელოვან მხარდაჭერას მოვიპოვებთ საერთაშორისო ორგანიზაციებში, რადგან ყველა ელოდება იმის წარმოჩენას, რამდენად მზად ვართ, სააკაშვილის დროს დახურული თემები საჯარო გავხადოთ. ახლა, როცა სააკაშვილის დროს დაშვებულ შეცდომებს ვასწორებთ, ამ შეცდომის გამოსწორებაც ძალიან მნიშვნელოვანია", - აღნიშნა პაატა ზაქარეიშვილმა.
რუსეთ-საქართველოს ომის დროს გაუჩინარებული ეთნიკურად ოსი მოქალაქეების მოძიებაში დახმარებას მათი ნათესავები საქართველოს ახალ ხელისუფლებას სთხოვენ. მათი მიმართვა პრემიერისა და გენერალური პროკურორისადმი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეს, ეუთო-ს წარმომადგენელს ანდრეი დეშიცას გუშინ, სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრის დაწყებამდე გადაეცა.