"საუბრის ძირითადი თემა კონფლიქტური რეგიონები და საქართველოს ტერიტორუილი მოწყობა იყო. ევროპის საბჭოსთან ამ მიმართულებით არაერთხელ გვქონია შეხება. ვარდების რევოლუციის შემდეგ მომზადდა კონცეფცია საქართველოს ფედერაციული მოწყობის შესახებ, რომელშიც აფხაზეთის განსაკუთრებულ სტატუსზე იყო საუბარი. დღევანდელ შეხვედრაზეც ვისაუბრეთ, იმის შესახებ, რამდენად შეიძლება მომავალი საქართველოს მოწყობა სწორედ კონფლიქტური რეგიონების გათვალისწინებით და კონფლიქტების მოგვარების შემდეგ როგორ შეიძლება ეს საკითხები გათვალისწინებული იყოს საერთო სახელმწიფოში", -განუცხადა სახელმწიფო მინისტრმა ჟურნალისტებს შეხვედრის დასრულების შემდეგ.
პაატა ზაქარეიშვილმა ჟურნალისტების კითხვებსაც უპასუხა. კერძოდ, ტელეკომპანია "მაესტროს" კითხვა ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილების თაობაზე საპარლამენტო უმცირესობის ინიციატივას ეხებოდა.
"ვფიქრობ, მათ ამით მხოლოდ ქულების ჩაწერა სურთ. როგორც წინა ხელისუფლების დროს არ იყო აუცილებელი კონსტიტუციაში ამ საკითხზე ცვლილების შეტანა, ისე ამჟამად ვერ ვხედავ ამგვარ აუცილებლობას. დღევანდელი ხელისუფლება უფრო მკაფიოდ და ცალსახად, არა პოპულისტურად და არა პროპაგანდით, არამედ საქმით აპირებს ევროპასთან ინტეგრაციას და ნატოში გაწევრიანებას, ვიდრე წინა ხელისუფლება. ამიტომ კონსტიტუციაში შევა თუ არა ეს ცვლილება, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, რომ ჩვენი ნებაა, მოხდეს ნატოსკენ და ევროკავშირისკენ სწრაფვა. თუმცა, საკონსტიტუციო ცვლილების საკითხი მაინც პარლამენტის გადასაწყვეტია. პარლამენტია საქართველოში კონსტიტუციით საგარეო და საშინაო პოლიტიკის განმსაზღვრელი", - აღნიშნა პაატა ზაქარეიშვილმა.