არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს ქეთევან ციხელაშვილმა სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობასა და კონფლიქტების მიმართულებით არსებულ მდგომარეობაზე მიაწოდა ინფორმაცია.
"განვიხილეთ სადღეისოდ არსებული მდგომარეობა და არასამთვარობო სექტორს გავაცანით ჩვენი უწყების რამდენიმეთვიანი საქმიანობის და პოლიტიკის მთავარი მიმართულებები. ასევე განვიხილეთ კონკრეტული საკითხები, რომელთა მიმართ საზოგადოებრივი ინტერესი მაღალია.; მაგალითად, ერთ-ერთი ასეთი საკითხია ჟენევის საერთაშირისო დისკუსიები. ამ პროცესს განხილვებში ხშირად გადაჭარბებული მოლოდინები და რისკები უკავშირდება. პროცესი ძალიან მნიშვნელოვანია და აუცილებელია სწორი ინფორმაციის მიწოდება, თუ რა არის ამ ფორმატთან დაკავშირებით საქართველოს ინტერესი. ასევე, განვიხილეთ დასავლელ პარტნიორებთან თანამშრომლობა არაღიარების პოლიტიკისა და ჩართულობის მიმართულებით, ოკუპირებულ ტერიტირიებზე მიმოსვლის საკითხი, ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებული პრობლემები, ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც მთავრობამ პარლამენტში წარადგინა", - განაცახდა ქეთევან ციხელაშვილმა.
მისივე განცხადებით, მსგავსი შეხვედრები არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან რეგულარულად გაიმართება.
"გვსურს,გვქონდეს რეგულარული, გახსნილი და შინაარსიანი კომუნიკაცია არასამთავრობო სექტორთან, რის დეფიციტიც იყო ადრე. მათთვის ჩვენი საქმიანობა გამჭვირვალე და გასაგები უნდა იყოს. ამასთან, ჩვენთვის საინტერესო და მნიშვნელოვანია მათი მოსაზრებები. ვაპირებთ, რეგულარულად გავმართოთ შეხვედრები როგორც ეროვნულ პლატფორმასთან, ასევე სხვა ორგანიზაციებთან, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ამ თემით", - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.