კომენტარი სააგენტო ”ინტერპრესნიუსს”

6 February 2013

"გაერო-ს განვითარების პროგრამასთან აქტიურად ვთანამშრომლობთ, მათ შორის, ენგურის ხიდის სარებილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით. მიგვაჩნია, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რამდენადაც ჩვენი მოქალაქეების მიმოსვლის გაადვილებას უკავშირდება და მართლაც პრიორიტეტული ჰუმანიტარული საკითხია. ამდენად, გაერო-ს განვითარების პროგრამას პროექტის განხორციელებაში მაქსიმალურად ვუწყობთ ხელს", - განაცხადა ქათევან ციხელშვილმა.

აფხაზური მედიის ინფორმაციით, აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტმა, ალექსანდრე ანქვაბმა გაერო-ს განვითარების პროგრამის მუდმივ კოორდინატორთან საქართველოში, ჯეიმი მაკგოლდრიკთან შეხვედრაზე მდინარე ენგურზე საავტომობილო ხიდის რეკონსტრუქცია განიხილეს.

გაერო-ს წარმომადგენლის განცხადებით, ხიდის აღდგენის საკითხი დღის წესრიგში ისევ დგას და სურდა ამის შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობისგან მოესმინა. ალექსანდრე ანქვაბმა კი დაადასტურა, რომ სარემონტო სამუშაოების ჩატარება საჭიროა არა მხოლოდ გარკვეულ მონაკვეთებზე, არამედ მთლიან ხიდზე.