ამის შესახებ რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი განცხადებით, დღევანდელ სხდომაზე მთავრობამ დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც პარლამენტს ახლო მომავალში გადაეგზავნება.
"საუბარი ეხება ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესვლის წესის დარღვევისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობამდე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის შემოღებას. პირის მიმართ, რომელიც არღვევდა ოკუპირებულ ტერიტიაზე შესვლის წესს, სისხლის სამართლებრივი დევნა იწყებოდა და ხშირ შემთხვევაში ბევრი პირი პატიმრობით ისჯებოდა. მიგვაჩნია, რომ ეს არ იყო სამართლიანი, რადგან ბევრმა მოქალაქემ, რომელთა დიდი ნაწილი ჩვენი მეზობელი სახელმწიფოების - აზერბიაჯანისა და სომხეთის მოქალაქეები არიან, ამ შეზღუდვის შესახებ არ იცოდნენ. ამიტომ ჩვენს მიერ ინიცირებული ცვლილებით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის წესის დარღვევა გამოიწვევს ადმინისტრაციულ სასჯელს, კერძოდ კი ჯარიმას. ხოლო ერთი და იგივე პირის მიერ დარღვევის განმეორების შემთხვევაში ამოქმედდება სისხლის სამართლის ნორმა. კანონის მეორედ დარღვევისას ის ვეღარ განაცხადებს, რომ ამ აკრძალვის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა", - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.
მისივე განმარტებით, ჯარიმის ოდენობას იურისტები განსაზღვრავენ.
"ჯარიმა არ უნდა იყოს ისეთი ოდენობის, რომ დიდი ზარალი მიაყენოს ადამიანს, მაგრამ ამასთან, უნდა იყოს საკმარისი საიმისოდ, რომ მოქალაქე დაფიქრდეს, უღირს თუ არა ამ თანხად კანონის დარღვევა", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.