ამის შესახებ რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
"ილორის, მოქვისა და ბედიის ტაძრები უნიკალური არქიტექტურული და კულტურული ძეგლებია. ეს მნიშვნელოვანი ფასეულობაა არა მხოლოდ ქართველი, არამედ აფხაზი ხალხისთვისაც. ილორის ტაძარი ერთხელ უკვე შეაკეთეს, მაგრამ შედეგებით თავად აფხაზებიც უკმაყოფილონი არიან; და ამ საქმეს უბრუნდებიან. საქართველოს მხოლოდ იმის საშუალება აქვს, რომ პროცესში ჩართოს იუნესკოს ექსპერტები და ვფიქრობ, ამ მიმართულებით კულტურის სამინისტრო იმოქმედებს", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.
მედიით გავრცელებული ინფორმაციით, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება ილორის, მოქვისა და ბედიის ტაძრების რეკონსტრუქციას გეგმავს. დე ფაქტო პრეზიდენტის ალექსანდრე ანქვაბის განცხადებით, ისტორული ძეგლების რეკონსტრუქცია და აღდგენა აუცილებელია. შესაძლებელია, ძეგლების აღდგენის საკითხზე აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების საბჭოს სხდომაც გაიმართოს.