სახელმწიფო მინისტრმა შეხვედრას მნიშვნელოვანი უწოდა და აღნიშნა, რომ დელეგაციამ ევროსაბჭოს კონსულტანტების რეკომენდაციები გადასცა.
"ეს არ იყო ევროსაბჭოს წარმომადგენლებთან პირველი შეხვედრა, თუმცა, ასეთი მაღალი დონის შეხვედრა პირველად შედგა - დელეგაციას ევროსაბჭოს გენერალური მდივნის მოადგილე ხელმძღვანელობდა. ჩვენ ერთმანეთს უკვე ჩატარებული სამუშაობის შედეგები წარვუდგინეთ. ჩვენი თხოვნით ევროსაბჭომ საქართველოში იანვრის თვეში გამოგზავნა ექსპერტები, რათა შეესწავლათ და ევროსაბჭოს სტანდარტებით შეეფასებინათ ჩვენი კონფლიქტები. დღეს კი დელეგაციამ უკვე წარმოადგინა მათი ექსპერტების ხედვები და რეკომენდაციები, თუ როგორ შეიძლება ჩართული იყოს ევროსაბჭო კონფლიქტების მოგვარებაში. ჩვენ ალბათ გაგვიჩნდება დამატებითი კითხვები და მათთან სამუშაო რეჟიმში ურთიერთობას გავაგრძელებთ. ამდენად, ევროსაბჭოსთან კონსულტაციებისა და რეკომენდაციების რეჟიმში ვაგრძელებთ თანამშრომლობას", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.
დღევანდელ შეხვედრაში გენერალური მდივნის მოადგილესთან ერთად ევროპის საბჭოს პროგრამების დირექტორი ვერენა ტეილორი, პოლიტიკური დირექტორი ალექსანდრე გუესელი და საინფორმაიცო ოფისის ხელმძღვანელი კატარინა ბოლონეზე მონაწილეობდნენ. შეხვედრა სახელმწიფო მინისტრის აპარატში გაიმართა.