"ეს სახალხო დამცველის მნიშვნელოვანი წინადადებაა, რომელმაც შესაძლებელია, რომ ხელი შეუწყოს კონფლიქტის მოგვარების მიმართულებით გარკვეული ნაბიჯების გადადგმას. როგორც წესი, მხარეები ტყვეებსა და პატიმრებს ცვლიან, რადგან მხარეებთან მათ ყოფნას არანაირი დადებითი შედეგის მოყვანა არ შეუძლია, გაცვლა კი ვითარებას აუმჯობესებს. მაგალითად შეგვიძლია დავასახელოთ ისრაელი, რომელიც ცნობილია პალესტინის მიმართ მკაცრი დამოკიდებულებით. ისრაელმა ერთი სამხედრო ტყვის, გვარად შალითის გასათავისუფლებლად პალესტინას 1000-ზე მეტი პატიმარი გადასცა, მათ შორის, ისეთი დამნაშავეც კი, რომელმაც მთელი ოჯახი დახოცა. კიდევ ერთი მაგალითი საქართველოში, 2008 წელს მოხდა - 5 ქართველი მაღალჩინოსანი ოფიცერი რუსულ ძალებს ტყვედ ჩაუვარდა. მათ გასათავისუფლებლად სააკაშვილმა რუსულ მხარეს გენერალი დუმბაძე გადასცა, რომელსაც საქართველოს შესახებ ბევრი საიდუმლო ინფორმაცია ჰქონდა და სასჯელს იხდიდა. მიმაჩნია, რომ ეს სწორი ნაბიჯი იყო. ამ ლოგიკით მარეკ დუდაევის ქართულ ციხეში ყოფნა არაფრის მომტანი არ არის. მართალია, მან მართლაც ჩაიდინა მკვლელობა - იძია შური იმ ადამიანებზე, რომლებმაც მის თვალწინ მისი და გააუპატიურეს. დუდაევმა პატიმრობაში უკვე 9 წელი გაატარა და ვფიქრობ, საკმარისია. იმ შემთხვევაში, თუ ქართული ციხეებიდან ოსი ეროვნების პატიმრების გაშვებით მივაღწევთ ცხინვალის ციხიდან მათ გამოხსნას, რომელთაც ქართულ მხარეს უნდა გადმოსვლა, მიმაჩნია, რომ ამ მიმართულებით უნდა ვიმუშავოთ. სახალხო დამცველის ეს წინადადება ჩემი აზრით, განხილული უნდა იქნას."