პაატა ზაქარეიშვილმა ამგვარად გასცა პასუხი ჟურნალისტების კითხვას, იყო თუ არა საუბარი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ჯავახეთში საფრთხის არსებობაზე.
სახელმწიფო მინისტრის განცხადებით, მან სხდომაზე შეშფოთება არა რაიმე საფრთხის გამო, არამედ პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადებების გამო გამოთქვა.
"მე შეშფოთება გამოვთქვი სააკაშვილის პროვოკაციულ იმ გამოსვლებზე, რომლებსაც ის ბაქოდან ჩამოსვლის შემდეგ აკეთებს. ეს არის ანტისახელმწიფოებრივი, უპასუხისმგებლო განცხადებები. ბოლო წლებში მართლაც, არავითარი საუბრები არ არის ჯავახეთსა და ქვემო ქართლში რაიმე პრობლემებზე, მაგრამ სააკაშვილის ცდილობს პროვოკაციის მოწყობას. რამდენადაც, ვფლობ სიტუაციას როგორც ჯავახეშთი, ისე ქვემო ქართლში, ცალსახად და მკაფიოდ მინდა განვაცხადო, რომ მას ამ პროვოკაციებიდან არაფერი გამოუვა", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ საპარლამენტო არჩევნებში "ქართულმა ოცნებამ" ჯავახეთსა და ქვემო ქართლში უპრეცენდენტოდ მაღალი მხარდაჭერა მიიღო.
"ხელისუფლებას არც ერთ არჩევნებში არ მიუღია ისეთი მაღალი ნდობა, როგორიც "ქართულმა ოცნებამ" მიიღო ამ არჩევნებში ჯავახეთსა და ქვემო ქართლში. მიუხედავად ისეთი ზეწოლისა და ტერორისა, რასაც ახორციელებდა სააკაშვილის ხელისუფლება მთელ საქართველოში და განსაკუთრებით ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში, ეთნიკურად სომეხმა და აზერბაიჯანელმა საქართველოს მოქალაქეებმა თამამად და ცალსახად ხმა მისცეს "ქართულ ოცნებას". შესაბამისად, გამორიცხულია ის პროვოკაციები, ავანტურიზმი, ვოლუნტარიზმი, რასაც სააკაშვილი წლების განმავლობაში ეწეოდა საქართველოში და ისევ სურს ამის გაკეთება. მას არც ერთი ფაქტი არ მოუტანია, ისე ისაუბრა ვიღაცების ციტატებზე. მან უნდა დააზუსტოს, ვინ რას ლაპარაკობს. სააკაშვილს არავინ უსმენს არც ჯავახეთში და არც ქვემო ქართლში და პროვოკაციის განხორციელებას ვერ შეძლებს. არ არსებობს არანაირი საფრთხე, არსებობს მხოლოდ სააკაშვილის ფანტაზიები და სიზმრები", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.