ზაქარეიშვილი: პარლამენტის რეზოლუციაში ამ პოზიციის შეტანა მნიშვნელოვანია

12 March 2013

კერძოდ, პარლამენტის რეზოლუციის პრეამბულაში, რომელიც მიღებულ იქნა 7 მარტს როგორც უმრავლესობის, ისე უმცირესობის მხარდაჭერით, აღნიშნულია "ადასტურებს რა საქართველოს ვალდებულებას ძალის გამოუყენებლობის შესახებ, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა საერთაშორისო საზოგადოების წინაშე 2010 წლის 23 ნოემბერს სტრატსბურგში, ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას აიღო."

სახელმწიფო მინისტრის შეფასებით, მნიშვნელოვანია დოკუმენტში ამ პუნქტის შეტანა და პრეზიდენტის ზეპირსიტყვიერი განცხადების პარლამენტის რეზოლუციით დადასტურება.

"რა თქმა უნდა, პრეზიდენტის მიერ სტრასბურგში გაკეთებული განცხადება პოლიტიკურად, ძალიან მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ ეს მაინც ზეპირსიტყვიერი განცხადება იყო და შემდგომში არანაირი ნორმატიული აქტით არ ყოფილა გამყარებული. აფხაზური და ოსური მხარეები აცხადებდნენ, რომ არ ენდობოდნენ მიხეილ სააკაშვილს და მისი განცხადებას ფარისევლური იყო. ისინი ორმხრივი ხელშეკრულებების გაფორმებას მოითხოვდნენ. საქართველოს პარლამენტი არის ლეგიტიმური, ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო და ნებისმიერი ორმხრივი ხელშეკრულება აფხაზებთან და ოსებთან ამ რელუზიცასთან შედარებით გაცილებით დაბალი რანგის იქნებოდა", - აღნიშნა სახელწმიფო მინისტრმა.

ამასთან, მისი განცხადებით, ახალი ხელისუფლების პირობებში საფუძველი ეცლება აფხაზური და ოსური მხარეების არგუმენტს პიროვნული უნდობლობის შესახებ, რომელიც მათ პრეზიდენტ სააკაშვილის მიმართ ჰქონდათ.

"ახალ ხელისუფლებაში არიან ადამიანები, რომლებზეც აფხაზური და ოსური მხარეები ვერ იტყვიან, რომ მათ არ ენდობიან, რადგან წლების განმავლობაში ენდობოდნენ. შესაბამისად, ჩვენი მთავრობის მიმართ არ აქვთ უნდობლობა და მიუღებლობა, რომელიც ჰქონდათ სააკაშვილის მიმართ. ამიტომ ამ პოზიციის გამყარებას ეს კონტექსტიც უწყობს ხელს", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

იგი აღნიშნულ რეზოლუციას მთავარ საკითხებზე ძველ და ახალ ხელისუფლებას შორის შეჯერებული პოზიციის მაგალითად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ ამგვარი დოკუმენტის მიღება საერთაშორისო თანამეგობრობისთვისაც მნიშვნელოვანია.