შეიარაღებული ძალადობისა და განვითარების ჟენევის დეკლარაცია არის მაღალი რანგის დიპლომატიური ინიციატივა, რომლის მიზანია ძალადობასა და განვითარებას შორის ურთიერთკავშირის დაძლევა. იგი შექმნილია 2015 წლამდე და მას შემდგომ სახელმწიფოებისა და სამოქალაქო საზოგადოების მიერ ძალადობის მნიშვნელოვნად შემცირების ხელშესაწყობად.
კონფერენცია, რომელსაც მასპინძლობდა შვეიცარიის მთავრობა და გაეროს განვითარების ფონდი, ჩატარდა ჟენევის საერთაშორისო საკონფერენციო ცენტრში და მას ესწრებოდა 500-მდე მონაწილე, მათ შორის 96 ქვეყნის სახელმწიფო დელეგაცია, საერთაშორისო და სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენელი.
რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა სიტყვით მიმართა კონფერენციის მონაწილეებს და ხაზი გაუსვა საქართველოს მშვიდობიანი მოსახლეობისათვის 2008 წლის აგვისტოს ომის უარყოფით შედეგებს. გამოსვლისას ქ-ნმა ეკა ტყეშელაშვილმა განაცხადა: "საქართველოს მთავრობა არ უღალატებს იმ მნიშვნელოვან პასუხისმგებლობას, რომელიც მას აკისრია თავისი მოქალაქეების, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთა, კეთილდღეობის უზრუნველყოფისათვის. ჩვენთვის მიუღებელია პასუხისმგებლობისთვის თავის არიდება .... მიუხედავად არსებული არასაკმარისი სტაბილურობისა, საქართველო აქტიურად მუშაობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე სოციალური განვითარებისა და ადამიანის უფლებათა დაცვისათვის. ჩვენი რწმენით, არსებული პროგრამები თანდათანობით ხელს შეუწყობს საქართველოში სტაბილურობის დამყარებას და იმ სტატუს-კვოს მშვიდობიანი გზებით შეცვლას, რომელიც ძალის გამოყენებით იქნა დამყარებული."