პაატა ზაქარეიშვილი სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობის წარმომადგენლებს შეხვდა

4 April 2013

აქციის მონაწილეები რეგიონში სეპარატიზმის საფრთხის არსებობის შესახებ მოსაზრებებს აპროტესტებდნენ და რეალური ინფორმაციის მიწოდების მიზნით პრემიერ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას ითხოვდნენ. პაატა ზაქარეიშვილმა მათ განუმარტა, რომ მათგან მიღებულ ინფორმციას პრემიერს გააცნობს.

აქციის მონაწილეების განცხადებით, პრეზიდენტის მცდელობა, ჯავახეთი სეპარატიზმის საფრთხის შემცველ რეგიონად წარმოაჩინოს, ყოველგვარ საფუძველსაა მოკლებული. მათი თქმით, რეალურად ამგვარი საფრთხე არ არსებობს და უნდა შეწყდეს რეგიონში ეროვნული შეღლის გაღვივების მცდელობა.

სახელმწიფო მინისტრთან საუბარში აქციის მონაწილეებმა ასევე აღნიშნეს, რომ ადგილობრივ ხელისუფლებაში თანამდებობებზე კვლავ რჩებიან "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები და ისინი არასამართლიანად ანაწილებენ მთავრობის მიერ მოსახლეობისთვის გამოყოფილ დახმარებებს, მათ შორის სასოფლო-სამეურნეო ბარათებს. რეგიონის წარმომადგენლებმა ასევე მოითხოვეს ახალქალაქში პარტია "ქართული ოცნების" ოფისის გახსნა.

"თქვენს მიერ მოწოდებულ ინფორმაციას და მოთხოვნებს პრემიერს აუცილებლად გავაცნობ. 15 აპრილს ვგეგმავ ახალქალაქში ჩამოსვლას, აუცილებლად შეგხვდებით და გავაგრძელოთ მსჯელობა იმის შესახებ, თუ რის გაკეთება შეიძლება რეგიონში პრობლემების მოსაგვარებლად. რაც შეეხება სეპარატზმის საფრთხეს, პირადად მე და ჩვენი მთავრობის სხვა წევრები დარწმუნებულნი ვართ, რომ ამგვარი საფრთხე არ არსებობს", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა აქციის მონაწილეებთან საუბარში.