"კანონში ცვლილებასთან დაკავშირებით ზოგი პოლიტიკოსის მხრიდან პოპულიზმს აქვს ადგილი. რეალურად კანონის პრინციპი და არსი უცვლელი რჩება და უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ აკრძალული მიმართულებიდან შემოსვლა კვლავ გამოიწვევს მის პასუხისმგებლობას. კანონში ცვლილებით შეიცვლება სასჯელი დარღვევის პირველ შემთხვევაში და დაწესდება ადმინისტრაციული სახდელი - ჯარიმა, ქმედების განმეორების შემთხვევაში კი პირს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება. ეს უფრო სამართლიანი იქნება, რამდენადაც პირს უკვე ექნება ინფორმაცია აკრძალვის და იმის შესახებ, რომ ამ კანონის დარღვევა სისხლის სამართლის კოდექსით მის დასჯას გამოიწვევს. აქამდე კი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა პირველივე დარღვევისას ვრცელდებოდა", - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
მისივე განმარტებით, ისჯებოდნენ პირები, რომლებიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე შედიოდნენ, შემდეგ კი საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე გადმოდიოდნენ.
"ისინი გადმოდიონენ საკუთარი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების გამოყენებით, რომელთა საშუალებითაც დგინდებოდა მათ მიერ ოკუპირებულ რეგიონში შესვლის ფაქტი და ეს იწვევდა მათ სისხლის სამართლებრივ დასჯას. ეს ადასტურებს, რომ მათ უმეტესე შემთხვევაში არ ჰქონდათ ინფორმაცია კანონის და მოსალოდნელი სასჯელის შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს მოქალაქეები თავს შეიკავებდნენ საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე შემოსვლისგან", - აღნიშნა ქეთევან ციხელაშვილმა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ არ უქმდება.
"ასევე, ძალაში რჩება რეგულაციები და ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს მთავრობის ნებართვის გარეშე შესვლა კვლავ აკრძალულია. ხდება სასჯელის პრინციპის მხოლოდ გარკვეულწილად შემსუბუქება, რამდენადაც აქამდე საქმე გვქონდა სამართლებრივად გაუმართავ ნორმასთან და უსამართლო სასჯელთან იმ პირების მიმართ, რომელთაც კანონის შესახებ შესაძლოა, ინფორმაცია არ ჰქონდათ. ჩვენ პარლამენტს ვთავაზობთ უფრო სამართლიან ფორმულირებას, რაც შესაბამისობაშია ევროპული ღირებულებების მქონე სამართლიანი სახელმწიფოს პრინციპებთან", - აღნიშნა სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ.
მთავრობის მიერ ინიცირებული ცვლილებით, საქართველოს მთავრობის ნებართვის გარეშე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ან მოქალაქეობის არმქონე პირს ოკუპირებული ტერიტორიებზე შესვლის პირველ შემთხვევაში სისხლის სამართლებრივის ნაცვლად ადმინისტრაციული სახდელი - ჯარიმა დაეკისრება, ასევე მიეცემა გაფრთხილება, ანალოგიური ქმედების განმეორების შემთხვევაში კი სისხლის სამართლის კოდექსის 3221 მუხლით დაისჯება.
ცვლილების პროექტი ქეთევან ციხელაშვილმა ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის, თავდაცვისა და უშიშროების, იურიდიულ საკითხთა, საგარეო ურთიერთობათა, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტებსა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი საპარლამენტო კომისიას წარუდგინა. ცვლილების პროექტს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით ხვალ განიხილავს.