სახელმწიფო კანცელარიაში უწყებათშორისი კომისიის სხდომა გაიმართა

17 April 2013

სხდომას რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოდგილე ქეთევან ციხელაშვილი უძღვებოდა.

სხდომაზე 2012 წლის სამოქმედო გეგმის ფარგლებში შესრულებული სამუშაოს შესახებ ანგარიში და 2013 წლის გეგმა განიხილეს. კერძოდ, საუბარი შეეხო სხვადასხვა უწყების მიერ შემდეგი მიმართულებებით შესრულებულ სამუშაოებს: კანონის უზენაესობა, განათლება და სახელმწიფო ენა, მედია და ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, პოლიტიკური ინტეგრაცია და სამოქალაქო მონაწილეობა, სოციალური და რეგიონალური ინტეგრაცია, კულტურა და თვითმყოფადობის შენარჩუნება.

სხდომაზე ასევე, იმსჯელეს იმ პრიორიტეტებზე, რომლებსაც ახალი სახელმწიფო კონცეფცია უნდა დაეფუძნოს.

"ახალი კონცეფცია 2014 წლიდან შევა ძალაში და მისი ამოცანა იქნება მდგრადი, რეალურად სამოქალაქო ჩართულობაზე ორიენტირებული ინტეგრაციის პოლიტიკის შემუშავება. ამჟამად მოქმედებს მრავალწლიანი გეგმა, რომელიც 2009 წელს იქნა შემუშავებული და 2014 წლისთვის მთავრდება. ახალი კონცეფცია საქართველოს ახალი მთავრობის ხედვებს დაეფუძნება და მიმართული იქნება მოქალაქეთა რეალური ინტეგრაციისკენ, რაც პასუხობს ევროპულ ღირებულებებს. ამავდროულად, რეალური ინტეგრაცია კონფლიქტების მოწესრიგების წარმატებული პროცესის ერთ-ერთი საფუძველია", - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული კონცეფციისა და სამოქმედო გეგმის განხორციელების მიზნით შექმნილი უწყებათაშორისი კომისია წელს პირველად შეიკრიბა. კომისიაში სხვადასხვა სახელმწიფო უწყების 30-მდე წარმომადგენელი შედის.