პაატა ზაქარეიშვილმა შეხვედრის დასაწყისში აპარატის საქმიანობის მიმართულებები მიმოიხილა. კერძოდ, მან აღნიშნა, რომ სახელმწიფო მინისტრის აპარატი უახლოეს დღეებში მთავრობას შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კონცეფციის 2012 წლის წლიურ ანგარიშს და 2013 წლის სამოქმედო გეგმას წარუდგენს. სახელმწიფო მინისტრმა ასევე ისაუბრა ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებზე და აღნიშნა, რომ ოპოზიციის რეაქცია ამ საკითხზე არაადექვატურია.
სახელმწიფო მინისტრმა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მიმდინარეობაც მიმოიხილა და განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება ჟენევაში კონსტრუქციულ პოზიციას იკავებს.
"ჩვენი პოლიტიკის ძირითადი მიმართულება არის ის, რომ აფხაზებსა და ოსებს წავართვათ არგუმენტები საქართველოს წინააღმდეგ, რუსეთს იმის მტკიცების საშუალება, რომ საქართველო აგრესიული სახელმწიფოა და მასთან მოლაპარაკებები შეუძლებელია, ხოლო ჩვენს დასავლელ პარტნიორებს გავუძლიეროთ არგუმენტები, რათა რუსეთს თამამად განუცხადონ, რომ საქართველო შეიცვალა და არ არის აგრესიული აფხაზების და ოსების მიმართ", - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.
პაატა ზაქარეიშვილმა ჟურნალისტების კითხვებსაც უპასუხა. კითხვების ნაწილი 2008 წლის ომის გამოძიების თემას ეხებოდა. სახელმწიფო მინისტრმა აღნიშნა, რომ უნდა გაეცეს პასუხები ომის საკითხზე არსებულ პოლიტიკურ კითხვებს.
"მე მაინტერესებს არა ის, თუ რა ხდებოდა ომის დაწყების დღიდან, არამედ ის, თუ როგორ მივედით ომამდე. ამ მიმართულებით მართლაც ბევრი პოლიტიკური ხასიათის კითხვა არსებობს და ამ კითხვებს პასუხი უნდა გაეცეს", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.
სახელმწიფო მინისტრმა ასევე გასცა პასუხი ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზებთან მდებარე სოფლების მოსახლეობის პრობლემებთან, მათ შორის თავისუფლად გადაადგილებასთან დაკავშირებულ კითხვებს და აღნიშნა, რომ ამ საკითხს საქართველოს ხელისუფლება მუდმივად აყენებს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებსა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მიმდინარე შეხვედრებზე.
სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა ასევე უპასუხა კითხვას აფხაზეთში სირიიდან ლტოლვილთა მიღების შესახებ და აღნიშნა, რომ კეთილი ნების ჟესტი იქნებოდა, თუ საქართველო ამ ადამიანებს გადაადგილებაში დახმარებას შესთავაზებდა.
ჟურნალისტები ჯავახეთში სახელმწიფო მინისტრის ჩასვლის თემითაც დაინტერესდნენ. პაატა ზაქარეიშვილმა აღნიშნა, რომ 19 აპრილს ახალქალაქს მთავრობის რამდენიმე სხვა წევრთან ერთად ეწვევა და ადგილობრივებს იმ კითხვებზე პასუხებს ჩაუტანს, რომლებიც მათმა ნაწილმა 4 აპრილს მთავრობის კანცელარიის წინ გამართულ აქციაზე დასვა.
სახელმწიფო მინისტრმა ზემოაღნიშნულ კითხვებთან ერთად სხვა თემებზე დასმულ კითხვებსაც უპასუხა. შეხვედრაში მედიის რამდენიმე ათეული წარმომადგენელი მონაწილეობდა.