კერძოდ, ქეთევან ციხელაშვილი 26 აპრილს ქალაქ ჰამბურგის ვიცე მერს, მეცნიერებისა და კვლევების საკითხებში ქალაქის სენატორს დოროთე შტაპელფელდთს შეხვდა. სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ ასევე გამართა შეხვედრა ექსპერტებთან და ჰამბურგის უნივერსიტეტის მშვიდობისა და უსაფრთხოების კვლევების ინსტიტუტის პრეზიდენტთან. შეხვედრებზე კონფლიქტების დარეგულირების მიმართულებით საქართველოს ხელისუფლების მიდგომები და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები განიხილეს.
ქეთევან ციხელაშვილმა გასული კვირის განმავლობაში - 21-დან 29 აპრილამდე ასევე შეხვედრები გამართა ბერლინშიც, როგორც პოლიტიკურ, ისე საექსპერტო წრეებთან და წამყვანი ანალიტიკური ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. შეხვედრებზე გერმანელმა პარტნიორებმა საქართველოს ხელისუფლების სამშვიდობო პოლიტიკის მიმართ მხარდაჭერა და თანამშრომლობის გაღრმავებისთვის მზაობა დაადასტურეს.
შეხვედრები გაიმართა ასევე შვეიცარიაში. 24 აპრილს, ქალაქ ბერნში ქეთევან ციხელაშვილი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებსა და ექსპერტებს შეხვდა. შეხვედრაზე კონფლიქტების დარეგულირებაზე და პროცესში შვეიცარიის, როგორც რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში შუამავლის და ჟენევის პროცესის მასპინძლის, განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ასევე განიხილეს შვეიცარიის, როგორც ეუთოს მომავალი თავმჯდომარის და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებისას მიღწეული შეთანხმების იმპლემენტაციის მხარდამჭერის როლი. მხარეებმა თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივაზეც იმსჯელეს.