დოკუმენტს ხელი მოაწერეს USAID-ის საქართველოს მისიის დირექტორმა სტივენ ჰეიკინმა და რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ციხელაშვილმა.
მემორანდუმის ამოცანაა, ტექნიკური დახმარების გაწევის გზით ხელი შეუწყოს აპარატის ინსტიტუციონალური საქმიანობის გაუმჯობესებას. ტექნიკურ სამუშაოებს აპარატისთვის USAID-ის "ადამიანური და ინსტიტუციონალური შესაძლებლობების განვითარების" (HICD PLUS) პროექტი განახორციელებს. ტექნიკური დახმარება ორი კომპონენტისგან შედგება და აპარატის ძირითადი სამუშაო პროცესების სისტემატიზირებას და თანამშრომლების ტრენინგსაჭიროებების განსაზღვრას, ასევე ინსტიტუციონალური სამუშაო პროცესის გაუმჯობესების მიზნით საექსპერტო დახმარებას ითვალისწინებს.
მემორანდუმის თანახმად, HICD PLUS შექმნის გამოცდილი სპეციალისტებით დაკომპლექტებულ, ტექნიკური დახმარების ჯგუფს, რომელიც აქტიურად ითანამშრომლებს როგორც სახელმწიფო მინისტრის აპარატის პერსონალთან, ისე აპარატის პარტნიორებთან. ამ მიზნებისთვის საჭირო სამუშაოებს USAID დააფინანსებს. მემორანდუმი 13 თვის განმავლობაში იქნება ძალაში.