კანონში ცვლილების განხილვა გრძელდება

28 May 2013

პროექტს რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ციხელაშვილი წარადგენს.

მისი განმარტებით, უცვლელი რჩება კანონის არსი და პრინციპი და უცხო ქვეყნის მოქალაქის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ აკრძალული მიმართულებიდან შემოსვლა კვლავ გამოიწვევს მის პასუხისმგებლობას.

კერძოდ, მთავრობის მიერ ინიცირებული ცვლილებით, საქართველოს მთავრობის ნებართვის გარეშე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ან მოქალაქეობის არმქონე პირს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის პირველ შემთხვევაში სისხლის სამართლებრივის ნაცვლად ადმინისტრაციული სახდელი - ჯარიმა დაეკისრება, ასევე, მიეცემა გაფრთხილება, რომ ანალოგიური ქმედების განმეორების შემთხვევაში სისხლის სამართლის კოდექსის 322-1 მუხლით დაისჯება.

"ეს იქნება სამართლებრივად გამართული და უფრო სამართლიანი ნორმა, რამდენადაც პირს უკვე ექნება ინფორმაცია აკრძალვის და იმის შესახებ, რომ ხელმეორედ ამ კანონის დარღვევა სისხლის სამართლის კოდექსით მის დასჯას გამოიწვევს. აქამდე კი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა პირველივე დარღვევისას ვრცელდებოდა", - განმარტა ქეთევან ციხელაშვილმა.

მისივე განმარტებით, არასწორია მოსაზრება, რომ კანონში აღნიშნული ცვლილების შეტანით წესდება განსხვავებული რეჟიმები სახელმწიფო საზღვრის სხვადასხვა მონაკვეთზე. კერძოდ, სახელმწიფო საზღვრის დარღვევას სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლი ითვალისწინებს. ცვლილებათა პაკეტის პროექტის მიღების შემთხვევაში კი ცვლილება შეეხება 322-1 მუხლს, რომელიც არა სახელმწიფო საზღვრის, არამედ ოკუპირებულ ტერიტორიებზე გადაადგილების წესის დარღვევას ეხება. სისხლის სამართლის კოდექსის აღნიშნული ნორმა 2008 წლის დეკემბერში იქნა შემოღებული.

ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონში შესატან ცვლილებათა პაკეტი პარლამენტმა 17 მაისის სესიაზე პირველი მოსმენით დაამტკიცა.