შეხვედრაზე აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში არსებული ვითარება, მათ შორის გამყოფ ხაზებთან და აღნიშნულ რეგიონებში ადამიანის უფლებების კუთხით შექმნილი მდგომარეობა განიხილეს.
"ეს იყო საქმიანი შეხვედრა, რომელზეც რამდენიმე თემაზე ვისაუბრეთ და ერთ-ერთი ცენტრალური საკითხი იყო რუსი სამხედროების მიერ გამყოფი ხაზის გადმოწევა. მე საკმაოდ ვრცლად ვისაუბრე და გავაცანი ჩვენს პარტნიორებს ჩვენი პოზიცია და ანალიზი ამ საკითხთან დაკავშირებით", - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.
ჟან-კლოდ მინიონმა კი იმედი გამოთქვა, რომ ევროსაბჭოს მომხსენებლს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ჩასვლის და ადგილობრივი მოსახლეობის მდგომარეობის შესწავლის და შეფასების საშუალება მიეცემა.
"ევროსაბჭოს ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია სწორედ ადამიანის უფელებების დაცვის ზედამხედველობაა. ამასთან, ჩვენ მხარს ვუჭერთ კონფლიქტის მონაწილე მხარეებს შორის დიალოგის წარმართვას", - განაცხადა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა.