შეხვედრის მთავარი თემა საქართველოში დევნილების მდგომარეობა იყო.
"ჩვენ ვისაუბრეთ იმის შესახებ, თუ რით განსხვავდება საქართველოს ახალი ხელისუფლების ხედვები წინა ხელისუფლების ხედვებისგან. მათ ასევე, აინტერესებდათ იმ პირების ცხოვრების პირობები და პრობლემები, რომლებიც სპონტანურად დაბრუნდნენ გალისა და ახალგორის რაიონებში და ის, თუ რა ფორმით ვცდილობთ ამ პრობლემების მოგვარებას. მე მათ ამ თემებზე ინფორმაცია მივაწოდე", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.
მისი შეფასებით, აღნიშნულ საკითხებზე გაეროს სპეციალური მომხსნებელის ინფორმირება მნიშვნელოვანია.
"ეს ორგანიზაცია აყალიბებს პოლიტიკას საქართველოში დევნილების მდგომარეობის მიმართულებით და სტრატეგიას, თუ როგორ დაგვეხმარონ. ეს არის ერთ-ერთი წამყვანი ორგანიზაცია, რომელიც საქართველოს მთავრობას ეხმარება ამ მიმართულებით პოლიტიკის სტრატეგიულად გამართვასა და შემდგომ რეალიზაციაში. ამდენად, ეს მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო", - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.