პაატა ზაქარეიშვილმა პრესკონფერენცია გამართა

27 June 2013

პაატა ზაქარეიშვილი ამჯერად ჟურნალისტებს ქუთაისში შეხვდა.

სახელმწიფო მინისტრმა იმ სამუშაო ჯგუფის მუშაობაზე ისაუბრა, რომელიც რუსი სამხედროების მიერ გამყოფ ხაზზე ფორტიფიკაციების გავლების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებს სწავლობს.

"ჯგუფის წევრები ჩადიან ადგილზე, ესაუბრებიან მოსახლეობას და უშუალოდ მათგან იღებენ ინფორმაციას, თუ რა პრობლემების წინაშე დგანან ადგილობრივები. უკვე გვაქვს ინფორმაცია გორის რაიონის 10 თემის სოფლებში არსებული ვითარების შესახებ. გამოიკვეთა რამდენიმე პრიორიტეტი, მათ შორის სარწყავი და სასმელი წყლით მომარაგება, გაზიფიცირება, ელექტროგამრიცხველიანება, სოციალურად დაუცველის სტატუსის აღდგენის შესაძლებლობის შესწავლა, გზების რეაბილიტაცია. მოსახლეობამ სხვა პრობლემებიც დაასახელა, თუმცა, ეს ის პრობლემებია, რომლებიც განსაკუთრებით მწვავედ დგას. ასევე, შევისწავლეთ უშუალოდ ფორტიფიკაციების გავლების შედეგად დაზარალებული ოჯახების მდგომარეობა და საქართველოს მთავრობა თითოეულ ოჯახს და სოფელს ადექვატურ დახმარებას აღმოუჩენს. ჩვენი ამბიციური სტრატეგიაა, შევქმნათ ისეთი პირობები, რომ არა თუ ამჟამინდელმა მოსახლეობამ არ დატოვოს სახლები, არამედ დაბრუნდნენ ისინიც, რომლებმაც 2008 წლის ომის შემდეგ დატოვეს საცხოვრებელი სახლი", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

მან აღნიშნული ჯგუფის მუშაობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს და რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენელთა როლიც აღნიშნა.

სახელმწიფო მინისტრმა ჟურნალისტების კითხვებსაც უპასუხა, რომლებიც ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მიმდინარეობას, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას და არაღიარების პოლიტიკის განხორციელებას ეხებოდა.