ჟენევის დისკუსიების 24-ე რაუნდი

27 June 2013

ამის შესახებ რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ციხელაშვილმა რაუნდის დასრულების შემდეგ განაცხადა. "საერთაშორისო პარტნიორებს ამ პროცესის შესახებ ამომწურავი და დეტალური ინფორმაცია მივაწოდეთ, წარვადგინეთ ვიზუალური მასალა. დავაფიქსირეთ პრინციპული პოზიცია, რომ ისედაც რთულ პირობებში მყოფი მოსახლეობის მდგომარეობის ამგვარი ხელოვნური ბარიერებით კიდევ უფრო დამძიმება ყოვლად დაუშვებელია და ამ პროცესის არანაირი არგუმენტით გამართლება არ შეიძლება. რუსულ მხარეს კატეგორიულად მოვთხოვეთ, შეწყდეს გამყოფ ხაზებზე მავთულხლართების და მიწათხრილების გავლება. განვაცხადეთ, რომ ხელოვნური ბარიერები გარდა იმისა, რომ არღვევს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, ასევე უხეშად არღვევს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს და ჰუმანიტარული თვალსაზრისით მძიმე შედეგების მომტანია" - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ აფხაზი და ოსი მონაწილეების მიერ ჰუმანიტარული საკითხების ჯგუფის სხდომის დატოვება არასერიოზული ნაბიჯია. "ძალიან სამწუხაროა, რომ მათ სხდომა იმ დროს დატოვეს, როცა ისეთ პრინციპულ საკითხს ვიხილავდით, როგორიც ფორტიფიკაციების თემაა. ეს არ იყო დემარშის პირველი შემთხვევა მათი მხრიდან და ეს ძალიან არაკონსტრუქციული და არასერიოზული ნაბიჯია. რაც უფრო მალე შეწყდება პოლიტიკური პოზიციონირება და ამგვარი დემარშები, მით უფრო სწრაფად შევძლებთ მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტას. თანათავმჯდომარეებმა ასევე დააფიქსირეს პოზიცია, რომ ამგვარი ქმედებები მიუღებელია. თუმცა, ამ დემარშის მიუხედავად, დისკუსიების ძირითადი მონაწილეები სხდომაზე დარჩნენ და გავიარეთ ყველა დაგეგმილი საკითხი, მათ შორის დევნილების დაბრუნების თემა", - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

მისიმე თქმით, სხდომაზე აღინიშნა, რომ გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუცია, რომელიც დევნილთა დაბრუნების უფლებას ადასტურებს, ჟენევის დისკუსიების მონაწილეებს შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებას ავალებს.

"დაუშვებელია, აღნიშნული რეზოლუცია რომელიმე მონაწილემ დაასახელოს იმის საბაბად, რომ ჟენევის დისკუსიებზე ეს საკითხი განხილული არ უნდა იქნას. დევნილების დაბრუნების უფლება განუყოფელია და მათ ამ უფლებას ვერავინ წაართმევს", - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა. მისივე განცხადებით, სხდომაზე ასევე აღინიშნა ქართული მხარის მიერ გადადგმული კონსტრუქციული ნაბიჯები, მათ შორის, ინფრასტრუქტურული საკითხების გადაწყვეტისა და დაკარგული პირების მოძიების მიმართულებით.

ჟენევის დისკუსიების 24-ე რაუნდი 25-26 ივნისს გაიმართა.