ქეთევან ციხელაშვილმა სტუდენტებს კონფლიქტის დარეგულირების მიმართულებით ხელისუფლების ხედვები გააცნო. მან შეხვედრის მონაწილეებს ასევე, მიაწოდა ინფორმაცია აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზებზე არსებული მდგომარეობის შესახებ.
სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა ეფუძნება მშვიდობიან, პრაგმატულ, საერთო ინტერესებზე დამყარებულ, ადამიანის უფლებებსა და ჰუმანიტარულ საჭიროებებზე ორიენტირებულ ნაბიჯებს, რომელთა მიზანიც კონფლიქტის მდგრადი და ფართომასშტაბიანი მოწესრიგებაა.
"მისასალმებელია დღევანდელი შეხვედრის მონაწილე სტუდენტების ინტერესი და ინფორმირებულობა. ეს ადამიანები მათი პროფესიებიდან გამომდინარე, სხვადასხვა სფეროში აქტიურად არიან ჩართულნი და მათ საზოგადოებაში აზრის ჩამოყალიბებაში მონაწილეობენ. ამდენად, მათთვის ინფორმაციის მიწოდება მნიშვნელოვანია", - განაცხადა ქეთევან ციხელშვილმა.
მან შეხვედრის მონაწილეების კითხვებსაც უპასუხა, მათ შორის გამყოფ ხაზებზე გადაადგილების შეზღუდვისა და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ.
"დღევანდელ შეხვედრაში მონაწილეობდნენ კალიფორნიის ორი და ვაშინგტონის ერთი უნივერსიტეტის სტუდენტები, რომლებიც საქართველოში ორკვირიანი პროგრამით იმყოფებიან. პროგრამის მიზანი საქართველოს გაცნობა, პრობლემატური საკითხების შესწავლაა, რათა უკან დაბრუნების შემდეგ პროგრამის მონაწილეებმა საქართველოს შესახებ ინფორმაცია სხვა სტუდენტებსმიაწოდონ და საქართველოს მაგალითები სხვა კვლევებსა და ანალიზებში გამოიყენონ", - განაცხადა ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის პროფესორმა მამუკა წერეთელმა.