"5 წელი გავიდა 2008 წლის ტრაგიკული მოვლენებიდან. ეს ომი ჩვენი საერთო ტრაგედიაა და მას გამარჯვებული არ ჰყავს. 5 წლის წინანდელ ტრაგედიას ემსხვერპლა უამრავი ადამიანი და ჩვენ პატივს მივაგებთ თითოეული მათგანის ხსოვნას. ბევრმა ოჯახმა დატოვა საკუთარი საცხოვრებელი და დღემდე სამწუხაროდ, დევნილობაში ცხოვრობს. მათთვის ცხოვრების ღირსეული პირობების შექმნა სახელმწიფოს ვალდებულებაა, ხოლო მათი დაბრუნების გარეშე კონფლიქტის სრულფასოვანი მოგვარება შეუძლებელია.
ოკუპაცია დღეს მავთულხლართებისა და ხალხებს შორის სხვა სახის ხელოვნური დაბრკოლებებითაც გრძელდება. ეს აზარალებს ამ დაბრკოლებების ორივე მხარეს მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებს. საქართველოს ხელისუფლებას მათი ბედი თანაბრად აწუხებს და მათზე ზრუნვა ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა. მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გამყოფი ხაზების მიმდებარედ მცხოვრებ ადამიანებს ცხოვრების მძიმე პირობები შეუმსუბუქდეთ.
ჩვენი სახელმწიფოს აფხაზ და ოს მოქალაქეებს კი გვსურს ვუთხრათ, რომ ყველა პრობლემის მოგვარება ერთად შეგვიძლია. მათ საქართველოში არასოდეს დაემუქრებათ საფრთხე, ექნებათ განვითარების პერსპექტივა და ეთნიკური თვითმყოფადობის შენარჩუნების რეალური გარანტია. საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ კონფლიქტების მოწესრიგების მშვიდობიანი, კონსტრუქციული და პრაგმატული კურსი აირჩია და დარწმუნებულნი ვართ, რომ ეს კურსი სასიკეთო შედეგს აუცილებლად მოიტანს. სამშვიდობო კურსისადმი ერთგულება საქართველოს ხელისუფლებამ სამართლებრივადაც გაამყარა პარლამენტის 7 მარტის რეზოლუციაში დადასტურებული ცალმხრივი ვალდებულებით ძალის გამოუყენებლობის შესახებ. ასევე, მთავრობის მკაფიო პოლიტიკაა დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობა, სადაც დაცულია ადამიანის უფლებები და არსებობს ეკონომიკური განვითარების პერსპექტივა. ამდენად, გვჯერა, რომ ეკონომიკურად ძლიერ, დემოკრატიულ სახელმწიფოში აფხაზებთან და ოსებთან ერთად შევძლებთ საერთო ინტერესებზე ორიენტირებული გამოსავლის პოვნას და მომავალ განვითარებაზე ზრუნვას."