პაატა ზაქარეიშვილი “ამბასადორიალ 2013-ზე” მოხსენებით წარსდგა

3 September 2013

სახელმწიფო მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა კონფლიქტების დარეგულირების მიმართულებით საქართველოს მთავრობის ხედვებზე, პოლიტიკაზე, უკვე გადადგმულ ნაბიჯებსა და არსებულ გამოწვევებზე.

პაატა ზაქარეიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობას პოლიტიკა ცალსახად სამშვიდობოა. მან, ასევე, ყურადღება გაამახვილა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმართ საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ არაღიარების პოლიტიკის განხორციელებისა და აფხაზურ და ოსურ საზოგადოებებთან პირდაპირი კომუნიკაციის- მნიშვენლობაზე. არსებულ გამოწვევებს შორის კი სახელმწიფო მინისტრმა გამყოფ ხაზებზე რუსი სამხედროების მიერ მავთულხლართების გავლება, გადაადგილების შეზღუდვა, კონფლიქტურ რეგიონებში ადამიანის უფლებების კუთხით მდგომარეობის გაუარესება და აფხაზური და ოსური საზოგადოებების თვითიზოლაციის პროცესი დაასახელა. მოსხენების შემდეგ პაატა ზაქარეიშვილმა ელჩების კითხვებს გასცა პასუხი.

"ვისაუბრეთ უკვე გადადგმული ნაბიჯების, კონტაქტების, პერსპექტივებისა და გეგმების შესახებ. ყურადღება გამახვილებული იყო არაღიარების პოლიტიკაზე. ელჩებთან ამ თემის განხილვა აუცილებელია, რამდენადაც ისინი საქართველოს წარმოადგენენ საზღავრგარეთ და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არაღიარების პოლიტიკა ჩვენი მეგობარი სახელმწიფოების მხრიდან მტკიცედ იყოს დაცული და მხარდაჭერილი. რა თქმა უნდა, ასევე, აღინიშნა, რომ ყველა ჩვენი ნაბიჯი მიმართული უნდა იყოს ევროპულ სტრუქტურებში გაწევრიანებისკენ", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა ჟურნალისტებთან მისი გამოსვლის კომენტირებისას.

ვიდეო იხილეთ მოცემულ ბმულზე