ქეთევან ციხელაშვილი ესტონეთში ვიზიტს განაგრძობს

3 September 2013

ქეთევან ციხელაშვილი და სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენლები დღეს ესტონეთის კულტურის სამინისტროს წარმომადგენლებს შეხვდნენ, რომლებიც ქვეყანაში სამოქალაქო ინტეგრაციის მიმართულებით მუშაობენ. შეხვედრაზე ქართული დელეგაციის წევრებს გააცნეს ის გამოწვევები, რომლებიც ესტონეთს აღნიშნული მიმართულებით აქვს. საუბარი შეეხო ქვეყანაში სამოქალაქო ინტეგრაციის სტრატეგიის შემუშავებისა და რეალიზაციის გზებს. ქეთევან ციხელშვილმა დღეს ასევე შეხვედრა გამართა ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

სახელმწიფო მინისტრის აპარატის, ასევე, შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული კონცეფციის ფარგლებში მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის წევრები, კერძოდ, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის, განათლებისა და მეცნიერების, შინაგან საქმეთა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, იუსტიციის სამინისტროებისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენლები ტალინს ესტონეთის აღმოსავლეთ პარტნიორობის ცენტრის მიწვევით ესტუმრნენ. სამდღიანი ვიზიტი ესტონეთის დიპლომატიური სკოლის ორგანიზებით და ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება და მიზნად სამოქალაქო ინტეგრაციის მიმართულებით ესტონეთის გამოცდილების ქართული მხარისთვის გაზიარებას ისახავს.