ქეთევენ ციხელაშვილმა გამყოფ ხაზთან მცხოვრებ მოსწავლეებს ახალი სასწავლო წელი მიულოცა

16 September 2013

რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ციხელაშვილი და რეგიონული განვითარენისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი სოფლების - ტირძნისის, დიცისა და ქვახვრელის საჯარო სკოლებში საზეიმო ღონისძიებებს დაესწრნენ, პირველკლასელებს საკლასო ოთახებშიც ესტუმრნენ და გაესაუბრნენ.

სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ მოსწავლეებს წარმატებები უსურვა და მთავრობის გადაწყვეტილებებზე ისაუბრა.

"მინდა, მადლობა გადაგიხადოთ ყველა მშობელსა და მასწავლებელს იმისათვის, რომ ბევრისათვის წარმოუდგენელ, საკმაოდ რთულ პირობებში მაინც ახერხებთ ნიჭიერი თაობის აღზრდას. ჩვენთვის პრიორიტეტულია, რომ ნორმალური საარსებო პირობები გქონდეთ, რათა მთელი ძალისხმევა მომავალი თაობის განათლებასა და აღზრდას მოახმაროთ", - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, სასკოლო სახელმძღვანელოები უფასოდ გადაეცემა საჯარო სკოლების ყველა მოსწავლეს და გაიზარდა პედაგოგების ხელფასი.

"ჩვენი მთავრობის დიდი სურვილია, ასევე ვიზრუნოთ მავთულხლართებს მიღმა დარჩენილ ბავშვებზე, მშობლებზე და პედაგოგებზე, განურჩველად მათი ეროვნებისა. ჩვენი ძალა ცოდნასა და წიგნერებაშია. განათლებულმა თაობამ უნდა იცხოვროს ერთიან, მშვიდობიან და განვითარებულ სახელმწიფოში", - განაცხადა სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ.

ქეთევან ციხელაშვილი და თენგიზ შერგელაშვილი მასწავლებლებსა და ადგილობრივ მოსახლეობასაც ესაუბრნენ. დიცის საჯარო სკოლის დორექტორმა მათ სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ მათ სკოლაში მთავრობის წარმომადგენლები დღეს პირველად ჩავიდნენ.

ვიდეოს სანახავად იხილეთ ბმული