სხდომას რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ციხელშვილი ხელმძღვანელობდა.
კომისიის წევრებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის დანერგვის ექსპერტმა დავით ზათიაშვილმა მიმდინარე პროგრამების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. აღინიშნა, რომ სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამების - "ვისწავლოთ ქართული, როგორც მეორე ენა" და "ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის" განხორციელების შედეგად გაუმჯობესდა სახელმწიფო ენის ცოდნა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებით დასახლებულ რაიონებში.
"განათლება და სახელმწიფო ენის სწავლება სახელმწიფო კონცეფციის და სამოქმედო გეგმის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ამჟამად ვმუშაობთ შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ახალ ეროვნულ კონცეფციაზე, რომელიც 2014 წლის მაისიდან უნდა შევიდეს ძალაში. ახალი კონცეფციის შემუშავებისას გათვალისწინებული იქნება ყველა შედეგი და ხარვეზი. განათლება, ზოგადად, წარმატების წინაპირობა, ხოლო სახელმწიფო ენის ცოდნა ნებისმიერ ეთნიკური წარმოშობის მოქალაქისთვის სახელმწიფოში წარმატების წინაპირობაა", - აღნიშნა ქეთევან ციხელაშვილმა.
რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის სამოქალაქო ინტეგრაციის სამმართველოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა თინათინ ღოღელიანმა კომისიის წევრებს გაუზიარა სამოქალაქო ინტეგრაციის მიმართულებით ესტონეთის გამოცდილება, სადაც გამოცდილების გაცვლითი ვიზიტი სექტემბრის დასაწყისში შედგა. კომისიამ ესტონეთის გამოცდილების საქართველოსთვის რელევანტურობაზე იმსჯელა. გადაწყდა, რომ სამუშაო ჯგუფების ფარგლებში გაგრძელდება ამ და სამოქალაქო ინტეგრაციის სხვა კომპონენტებზე აქტიური მუშაობა.
ვიდეო იხილეთ მოცემულ ბმულზე