"სამწუხაროდ, აფხაზეთში შეიარაღებული დაპირისპირების დასრულების თარიღს 20 წლის შემდეგაც საქართველოს საზოგადოებები - აფხაზეთში და დანარჩენ საქართველოში სხვადასხვაგვარად აღნიშნავენ. ზოგისთვის ეს გამარჯვებაა. თუმცა, გამარჯვება საეჭვოა, არ ჩანს, რას მიაღწიეს მათ, ვინც თავს გამარჯვებულად მიიჩნევს - აფხაზეთში უფრო მეტად არიან დამოკიდებულნი გარე ძალებზე. ზოგისთვის ეს არის დამარცხება და მიმაჩნია, რომ მხოლოდ დამარცხებაზე არ უნდა ვიფიქროთ. საჭიროა, გადავაფასოთ ყველაფერი და დავფიქრდეთ, რას გვაძლევს შიდა საკითხების მოგვარების დროს ომზე ფიქრი. უნდა გავაანალიზოთ, რამდენად წარმატებული შეიძლება იყოს სხვისი დამარცხების განზრახვა, როცა საქმე შენს სახელმწიფოს ეხება. ასე რომ, ვფიქრობ, დროა, ქართულმა საზოგადოებამ იფიქროს ყველას გამარჯვებაზე - თუ ყველა არ იმარჯვებს, ყველა მარცხდება", - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა.
გმირთა მემორიალთან დღეს შეიარაღებული დაპირისპირებისას დაღუპულთა ოჯახის წევრები, ვეტერანები და სასულიერო პირებიც შეიკრიბნენ.