რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის განცხადება

27 September 2013

დღევანდელი დღე მძიმე ფურცელია ქართველებისა და აფხაზების ურთიერთობის ისტორიაში. დღეს კიდევ ერთხელ უნდა დავფიქრდეთ და გავაანალიზოთ, რა მოგვიტანა 1992-1993 დაპირსპირებამ. სოხუმში ბოლო ბრძოლიდან 20 წლის შემდეგ ერთი რამ არის ნათელი და უდავო - ომს და შეიარაღებულ დაპირისპირებას არასოდეს მოაქვს ის შედეგი, რომლის მიღწევის იმედითაც მხარეები ომში ებმებიან. ომის შედეგი მხოლოდ ადამიანების დაღუპვა, უამრავი ოჯახის ტრაგედია, საცხოვრებლის დატოვება, სახელმწიფო ინსტიტუტების მოშლა და განვითარების პერსპქტივის დიდი ხნით დაკარგვაა.

ამ დაპირსპირების ვერც ერთმა მონაწილემ ვერ მიაღწია მიზანს - აფხაზეთის ტერიტორიაზე ვერ ხორციელდება საქართველოს იურისდიქცია, ამავე დროს არ არსებობს აფხაზეთის დამოუკიდებლობის არანაირი ნიშანი, ყველაფერი რუსეთის პოლიტიკაზეა დამოკიდებული და რეალური საფრთხის წინაშე დგას აფხაზური ეთნოსის არსებობაც. ამდენად, ეს დღე ყველასთვის უნდა იყოს წარსულზე დაფიქრების და დასკვნების გამოტანის დღე, რათა მომავალში ასეთი შეცდომა აღარ იქნას დაშვებული.

საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ მტკიცედ აირჩია მშვიდობიანი, კონსტრუქციული და პრაგმატული კურსი, რაც სამართლებრივადაც გაამყარა პარლამენტის 7 მარტის რეზოლუციაში დადასტურებული ცალმხრივი ვალდებულებით ძალის გამოუყენებლობის შესახებ. გვჯერა, რომ მშვიდობიან, დემოკრატიულ დღირებულებებსა და ინსტიტუტებზე დაფუძნებულ სახელმწიფოში ერთად შევძლებთ საერთო ინტერესებზე ორიენტირებული გამოსავლის პოვნას და მომავალ განვითარებაზე ზრუნვას.

გვსურს, ამ დღეს კიდევ ერთხელ მივუსამძიმროთ თითოეული იმ ადამიანის ოჯახს, რომლებიც ქართველებისა და აფხაზების საერთო ტრაგედიას - შეიარაღებულ დაპირისპირებას შეეწირნენ. ასევე, ჩვენი მიზანია, შევუქმნათ ცხოვრების ღირსეული პირობები ამ დაპირისპირების ყველა მსხვერპლს და მათ, რომლებიც იძულებულნი იყვნენ, საცხოვრებელი დაეტოვებინათ.