კერძოდ, რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ინიციატივით, 30 მაისს მთავრობის სხდომაზე გადაწყდა უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის შექმნა, რომელიც გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში მოსახლეობის საჭიროებებს შეისწავლიდა. აღნიშნულმა ჯგუფმა, რომელშიც რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებით დაკომპლექტდა, თვენახევრის განმავლობაში შეისწავლა გორის, ქარელის, კასპის, საჩხერის მუნიციპალიტეტების 72 სოფლის საჭიროებები. რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ჩატარებული სამუშაოს შესახებ ივნისის ბოლოს შუალედური ანგარიშით წარსდგა პარლამენტში ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი კომისიისა და აგრარულ საკითხთა კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე. ჯგუფის მიერ მოძიებული მონაცემების საფუძველზე გამოიკვეთა პრიორიტეტული საკითხები.
აგვისტოს დასაწყისიდან სოფლების მოსახლეობასთან შეხვედრები მთავრობის სხვა წევრებთან ერთად გააგრძელეს სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა და სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ციხელაშვილმა. კერძოდ:
5 აგვისტოს, რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ციხელაშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ელგუჯა ხოკრიშვილი სოფელ ზარდიანთკარში იმყოფებოდნენ, შეხვდნენ მოსახლეობას და სასმელი წყლის ჭაბურღილზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს.
8 აგვისტოს, რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი, სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ციხელაშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები, გორის მაჟორიტარი დეპუტატი სოსო ვახტანგაშვილი იმყოფებოდნენ სოფლებში - ზემო ნიქოზი, კოშკა და შინდისი და მოსახლეობას შეხვდნენ.
16 სექტემბერს, ქეთევან ციხელაშვილი და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი იმყოფებოდნენ სოფლებში - დიცი, ტირძნისი და ქვახვრელი, შეხვდნენ მოსახლეობას.
24 სექტემბერს, ქეთევან ციხელაშვილი და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია სოფელ კირბალში იმყოფებოდნენ, სადაც შეხვდნენ, როგორც კირბალის, ისე ქარელის, კასპისა და დუშეთის მუნიციპალიტეტების 40-მდე თემის წარმომადგენლებს.
26 სექტემბერს, ქეთევან ციხელაშვილი და ჟენევის დისკუსიების ჰუმანიტარული სამუშაო ჯგუფის ქართული დელეგაციის წარმომადგენლები სოფელ დვანში ჩავიდნენ, სადაც დაათვალიერეს მავთულხლართებთან მდებარე სამი სახლის დემონტაჟი, შეხვდნენ უშუალოდ ამ ოჯახების წევრებს, ასევე სოფლის სხვა მცხოვრებთ. ისინი ასევე იმყოფებოდნენ იმ ტერიტორიაზე, სადაც რუსი სამხედროები იმ მომენტისთვისაც ღობეების აღმართვას ახორციელებდნენ.