გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების საჭიროებებზე რეაგირების სამთავრობო კომისიამ პირველი სხდომა გამართა

3 October 2013

კომისიას რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ხელმძღვანელობენ.

დღევანდელ შეხვედრაში სხვადსხვა სამინისტროს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, კერძოდ: შინაგან საქმეთა, საგარეო საქმეთა, იუსტიციის, სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის, ფინანსთა, განათლებისა და მეცნიერების, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროების, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის და დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატების წარმომადგენლები, ასევე გორის, კასპისა და ქარელის მუნიციპალიტეტების ადგილობრივი თვითმმართველობების ხელმძღვანელები.

სხდომა კომისიის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ გახსნა. მან კომისიის წევრებს გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების საჭიროებების შესახებ უკვე არსებული მონაცემები გააცნო და რეგონში მიმდინარე პროექტებზე მიაწოდა ინფორმაცია. თავმჯდომარის მოადგილემ, პაატა ზაქარეიშვილმა ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების მნიშვნელობაზე ისაუბრა. სამინისტროების წარმომადგენლებმა საკუთარი უწყებების კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე იმსჯელეს.

"ეს ნაყოფიერი სხდომა იყო. ყველა სამინისტრო დაინტერესებულია, საჭირბოროტო საკითხები მაქსიმალურად დროულად გადაწყდეს. ვიმსჯელეთ ზამთარში მოსახლეობის გათბობის საკითხის გადაჭრაზე. სამწუხაროდ, ამ პროცესს ხელს უშლის წინასაარჩევნო კამპანია, რომლის გამოც მოსახლეობისთვის დახმარება შესაძლოა, ამომრჩევლის მოსყიდვად ჩაგვეთვალოს. ამიტომ ვცდილობთ, დავიცვათ კანონი და ისე განვახორციელოთ საჭირო ღონისძიებები. ვიმსჯელეთ სოფლების გაზიფიცირების საკითხზეც, რომელშიც ჩართულია ენერგეტიკის სამინისტრო. ასევე განვიხილეთ ამ სოფლებში საჭიროებები სხვადსხვა მიმართულებით", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

დავით ნარმანიამ აღნიშნა, რომ კომისია იმუშავებს როგორც სამხრეთ ოსეთის, ისე აფხაზეთის ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების საჭიროებებზე.

"ყველა სამინისტროს მიერ გატარებული ღონისძიებები სხვა უწყებებთან იქნება კოორდინირებული. გაზიფიცირებასთან დაკავშირებული ინფორმაცია ენერგეტიკის სამინისტროს გადაეცა და ეს უწყება მოამზადებს ხარჯთაღრიცხვას და კონკრეტულ გრაფიკს. ასევე, გარემოს დაცვის სამინისტროსთან შეიქმნა სამუშაო ჯგუფი ფინანსთა სამინისტროს, დევნილთა სამინისტროსა და მუნიციპალიტეტების მონაწილეობით, რომელიც მოსახლეობის შეშით უზრუნველყოფაზე იმუშავებს. გარდა ამისა, გადავწყვიტეთ შევხვდეთ საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებს, რათა კომისიის საქმიანობა გავაცნოთ და მათგან მოვისმინოთ, როგორ შეუძლიათ დამატებით დაეხმარონ ჩვენს სახელმწიფოს. ასევე, შევხვდებით არასამთავრობო ორგანიზაციებს", - განაცხადა დავით ნარმანიამ.

დროებითი სამთავრობო კომისიის შემდეგი სხდომა 15 ოქტომბრისთვის დაიგეგმა.