მიღებაზე 40-მდე არასამთავრობო ორგანიზაციისა და რელიგიური კონფესიის წარმომადგენლები, სახალხო დამცველის მოადგილე პაატა ბელთაძე იყვნენ მიწვეულები. ღონისძიებაში ასევე მიიღეს საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა.
შეკრებილ სტუმრებს რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა სიტყვით მიმართა.
"ისეთი ქვეყნებისთვის, როგორც საქართველოა, ტოლერანტობის დღეს დიდი მნიშვნელობა აქვს. ერი, რომელმაც სახელმწიფო შექმნა, საუკუნეების განმავლობაში ცხოვრობს სხვა ეთნიკური თუ რელიგიური ჯგუფების წარმომადგენლებთან ერთად. ამით ჩვენ ვამტკიცებთ, რომ ერთ სახელმწიფოში შესაძლებელია, მშვიდობიანად თანაცხოვრობდეს მრავალეთნიკური და მრავალრელიგიური ჯგუფები. ეს საქართველოს სიმდიდრე და მსოფლიო ცივილიზაციაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილია. ამასთან, ეს არის სახელმწიფოს პასუხისმგებლობა და ვალდებულებაც, რომ საქართველოს ტერიორიაზე მცხოვრებ ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლებს ჰქონდეთ განვითარების სრული და თანაბარი პირობები და იყვნენ სახელმწიფოს სრულფასოვანი მოქალაქეები. სახელმწიფო ცდილობს, ამისთვის საჭირო პირობები შექმნას", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.
ტოლერანტობის დღის მნიშვნელობაზე საკუთარ სიტყვაში საქართველოში აშშ-ის ელჩმა რიჩარდ ნორლანდმაც ისაუბრა.
"საქართველო არის ის ქვეყანა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ახერხებდა წარმატებულად, მშვიდობიან თანაცხოვრებას უმცირესობებთან და უმცირესობები შეადგენენ საზოგადოების შემადგენელ კომპონენტს. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც საქართველო მსოფლიოს აღფრთოვანებას იწვევს. როდესაც ხდება სირთულეების წარმოშობა, ეს მუდამ იყო პროვოცირებული ან გამოყენებული გარეშე ძალების მიერ. შეერთებული შტატები უერთდება გაეროს მიერ დადგენილი ტოლერანტობის საერთაშორისო დღის აღნიშვნას საქართველოში. ჩვენ მივიჩნევთ, რომ მნიშვნელოვანია მოხდეს პრევენცია არატოლერანტული დამოკიდებულებებისა", - განაცხადა ელჩმა.
შეკრებილებს ასევე მიმართეს სახალხო დამცველის მოადგილემ პაატა ბელთაძემ, ორგანიზაცია "მრავალეროვანი საქართველოს" წარმომადგენელმა ალექსანდრა კალატოზიშვილმა და საქართველოს ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსმა რუსიდან გოცირიძემ.
საღამოზე რუსთავის გოგონათა გუნდმა "თუთარჩელა", აშუღმა მაქსიმ ნიზამი ოღლუმ, საქართველოს სომეხთა ეპარქიის მგალობელთა გუნდმა მუსიკალური ნომრებიც შეასრულეს. ასევე გაიმართა მარნეულის ახალგაზრდული ორგანიზაციის "უინიონი" წევრების ნამუშევრების გამოფენა.
UNESCO-ს 1995 წელს მიღებული გადაწყვეტილებით, 16 ნოემბერს ტოლერანტობის საერთაშორისო დღე აღინიშნება.