რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობა იმდენად ნათელი და წარმატებულია, რომ თვით "ნაციონალური მოძრაობის" წევრებსაც არ აქვთ კითხვები, - ასე შეაფასა პარლამენტში გუშინ გამართული საკომიტეტო მოსმენები "ინტერპრესნიუსთან" საუბარში რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა.
მისი თქმით, საპარლამენტო უმცირესობის წევრები მინისტრობის იმ კანდიდატებს შორის, რომლებთანაც კითხვები ჰქონდათ, ყოველთვის ასახელებდნენ მას.
"ამიტომ პარლამენტში გამართულ მოსმენებზე მათგან ველოდი კონკრეტულ თემებზე კითხვებს, მათ შორის ისეთ თემებზე, რომლებზეც არაერთხელ დაუწყიათ ჩემს წინააღმდეგ კამპანია. მე მოველოდი, რომ საკომიტეტო მოსმენებზე უმცირესობის წევრები დამისვამდნენ კითხვებს აფხაზური და ოსური ე.წ. პასპორტების ვალიდურობის, ტერმინ "გამყოფი ხაზის" გამოყენების, რა თქმა უნდა, მავთულხლართების თუ სხვა საკითხების შესახებ. თუმცა, მოსმენების მსვლელობისას მათ არც ერთი კითხვა არ დაუსვამთ ჩემთვის და მხოლოდ დემაგოგიურ განცხადებებს აკეთებდნენ. ისინი ბრალს მდებდნენ მე რუსული პოლიტიკის მხარდაჭერაში ისე, რომ ამ მოსაზრების დასამტკიცებლად არც ერთი არგუმენტი არ მოუყვანიათ. დადასტურდა, რომ საპარლამენტო უმცირესობის ბრალდებები ჩემს მიმართ მხოლოდ და მხოლოდ დემაგოგია იყო. რეალობა კი არის ის, რომ ჩვენი უწყების საქმიანობა იმდენად ნათელი და წარმატებულია, რომ თვით "ნაციონალური მოძრაობის" წევრებსაც კი არ აქვთ კითხვები - მათ კითხვების დასასმელად ისეთი მნიშვნელოვანი საშუალებაც კი არ გამოიყენეს, როგორიც მთავრობის დამტკიცების წინ საკომიტეტო მოსმენებია", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ საპარლამენტო უმცირესობას რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის საქმიანობასთან დაკავშირებული კითხვები ასევე არ დაუსვამს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ ირაკლი ღარიბაშვილისთვის არც გუშინდელ შეხვედრაზე და არც დღევანდელ სესიაზე.
პარლამენტში მინისტრობის კანდიდატების საკომიტეტო მოსმენები 19 ნოემბერს გაიმართა.