შეხვედრა გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარიატთან

28 November 2013

დღევანდელ სხდომაზე სიმონე ვოლკენმა კომისიას მიაწოდა ინფორმაცია დახმარების შესახებ, რომელსაც UNHCR გამყოფ ხაზთან მდებარე 1200 ოჯახს გაუწევს.

"ამ სოფლებში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების, მრავალშვილიანი და სხვა განსაკუთრებული საჭიროებების ოჯახების დასახმარებლად ჩვენ 200 ათას დოლარს გავიღებთ. გვესმის, რომ ამ სოფლების მოსახლეობის დასახმარებლად გაცილებით მეტია საჭირო, მაგრამ ეს არის ის, რის გაკეთებაც ამ ეტაპზე შეგვიძლია, თუმცა, მზად ვართ, მომავალშიც გავაგრძელოთ მათთვის დახმარებაზე მსჯელობა", - განაცხადა სიმონე ვოლკენმა.

კომისიის თანათავმჯდომარემ, რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა მას მადლობა გადაუხადა იმ დახმარებისთვის, რომელსაც UNHCR საქართველოს უწევს.

"ეს კონკრეტული დახმარება დახმარება ხელს შეგვიწყობს მიზნის მიღწევაში, რომ გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობა ადგილზე დარჩეს და საცხოვრებელი არ დატოვოს. რაც შეეხება ზამთრის სეზონზე სათბობისთვის საჭირო თანხას, ამ სოფლების მოსახლეობას მომავალი კვირიდან შეეძლება, ეს თანხა აიღოს", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

კომისიის თავმჯდომარის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის დავით ნარმანიას ინფორმაციით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან მუნიციპალიტეტებში უკვე გადარიცხულია მოსახლეობის სათბობით უზრუნველყოფისთვის გამიზნული თანხა.

"ენერგეტიკის სამინისტრომ წარმოადგინა დაზუსტებული ინფორმაცია. გაზიფიცირებისთვის ენერგეტიკის სამინისტროს პროექტირების თანხა სჭირდება. პროექტირების დასრულების შემდეგ კი უშუალოდ მშენებლობა დაიწყება", - განაცხადა დავით ნარმანიამ.