ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების პარაფირებას დიდი მნიშვნელობა აქვს მთლიანად სახელმწიფოსთვის და კონკრეტულად კონფლიქტების მშვიდობიანად მოწესრიგების კუთხით. კონფლიქტების მშვიდობიანად მოწესრიგება ევროკავშირთან საქართველოს თანამშრომლობის ახალ ეტაპზე ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი იქნება.
ვილნიუსში ასოცირების შეთანხმების პარაფირებით კიდევ ერთი ნაბიჯით გავამყარეთ ჩვენი ევროპული არჩევანი. ეს არის მომავალი, რომლისკენაც ჩვენ მივისწრაფვით და რომელსაც ვთავაზობთ აფხაზურ და ოსურ საზოგადოებებს. საქართველოს მთავრობა მზადაა, მათ გავუზიაროთ ყველა ის სარგებელი, რომელსაც ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება მოუტანს საქართველოს.
ევროკავშირი დღეისათვის წამყვანი საერთაშორისო აქტორია საქართველოში კონფლიქტების მოწესრიგების მიმართულებით. 2008 წლის შემდეგ საქართველოში მოქმედებს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და მნიშვნელოვანია, რომ ამ მისიას მანდატის სრულყოფილ ად განხორციელების შესაძლებლობა მიეცეს. ევროკავშირის თანათავმჯდომარეობით მუშაობს, ასევე, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები, რომელშიც ევროკავშირის მიერ ფასილიტირებულ ექვსპუნქტიან შეთანხმებას ეფუძნება.
კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირების ხელშეწყობისთვის საქართველოში ევროკავშირი არაერთ პროექტს ახორციელებს, რაც მიმართულია სწორედ ხალხთაშორის კონტაქტების წახალიხების და ნდობის აღდგენისაკენ. ევროკავშირის ჩართულობის მთავარი წინაპირობა და შემადგენელი არაღიარების პოლიტიკაა, რომელსაც მყარად უჭერს მხარს როგორც ევროკავშირი, ისე საერთაშორისო საზოგადოება.