როგორც პაატა ზაქარეიშვილმა აღნიშნა, მთავრობის დადგენილებით, "სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში" შეიცვლება სახელწოდებით - "სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში".
"ახალი სახელი შეიცავს ორ მიმართულებას - კონფლიქტებსა და ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციას. "შერიგების" კომპონენტი შეეხება კონფლიქტების მოგვარებას, ხოლო "სამოქალაქო თანასწორობა" - ჩვენს მოქალაქეებს, რომლებსაც ინტეგრაციის საკითხები ეხებათ. ამ უწყების დასახელებაში სიტყვა "რეინტეგრაცია" აფერხებდა აფხაზურ და ოსურ საზოგადოებებთან კონტაქტს. ახალი სახელწოდება ნეიტრალური და ორი მიმართულების შემცვლია და ვიმედოვნებთ, რომ სახელის ამგვარად შეცვლით ჩვენი ოპონენტების ერთი არგუმენტი გაქრება", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.
2013 წლის საპრეზიდენტო არცევნების შედეგად არჩეული პრეზიდენტის ფიცის დადების მომენტიდან ამოქმედებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, სახელმწიფო მინისტრების თანამდებობები ნაცვლად პრეზიდენტის ბრძანებულებისა, საქართველოს მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება.