ჟენევაში დისკუსიების 26-ე რაუნდი გაიმართა

18 December 2013

ამის შესახებ ჯგუფის ხელმძღვანელმა, რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა.

"26-ე რაუნდმა ჩვეულ ფორმატში ჩაიარა. ჩვენ დავაყენეთ ყველა ის საკითხი, რომელიც საზოგადოებისათვის ყველაზე მნიშვნელოვანია. რაც შეეხება ჰუმანიტარულ ჯგუფს, ჩვენი პოზიციები იყო კონსტრუქციული, პრაგმატული და მზად ვართ, რომ თითოეული საკითხი პოლიტიზირების გარეშე განვიხილოთ. ასევე მოვუწოდეთ მოლაპარაკების სხვა მონაწილეებსაც, რომ თავი შეიკავონ პოლიტიზირებისაგან, რადგან ასეთ ჭრილში ვერცერთი საკითხის მოგვარებას და გადაწყვეტას ვერ შევძლებთ. ჩვენ სამუშაო ჯგუფში ცენტრალურ თემებად დავაყენეთ მავთულხლართებისა და სხვადასხვა ტიპის ბარიკადების დამონტაჟება, რადგანაც ეს იწვევს ისეთ პრობლემებს, როგორიცაა ადგილობრივების დაკავება, მოსწავლეებისათვის სკოლაში სიარულის შეზღუდვა, გამყოფი ხაზის მიღმა დარჩენილი ნათესავები, რომლებიც ვეღარ ახერხებენ ერთმანეთის ნახვას, ადგილობრივებს აღარ აქვთ საშუალება ახლობლების საფლავების მონახულების და სხვა მრავალი პრობლემა, რომელიც ამძიმებს მათი ცხოვრების პირობებს. აღსანიშნავია, რომ დიდი პრობლემები ექმნებათ გალის და ახალგორის რაიონების მოსახლეობას, ხდება ეთნიკური ნიშნით შევიწროება და მათი მდგომარეობა დღითიდღე მძიმდება. საერთაშორისო ორგანიზაციებიც იზიარებენ ჩვენს პოზიციას და ჩვენი სურვილია, რომ მათ მიეცეთ იმის საშუალება, შეძლონ ადამიანურ და ჰუმანიტარულ ჭრილში ამის შეფასება. საკითხების პოლიტიზირების მიუღებლობაზე ჩვენი განცხადებები არ არის უსაფუძვლო. ჩვენ დავუდასტურეთ მზაობა ისეთი ინფრასტრუქტურული საკითხების მოგვარებისთვის, როგორიც წყალმომარაგება და ასევე ახალგორის რაიონისთვის გაზის მიწოდებაა. თუმცა, ამჟამად მონაწილეები ცხინვალიდან ამ შეთავაზებაზე უარს ამბობენ. ასევე დავაყენეთ საკითხი აფხაზეთში კულტურული მემკვიდრეობის შესახებ, რომ მოხდეს საექსპერტო მისიების გაგზავნა ადგილზე. ამ საკითხზე მუშაობა კი აუცილებლად უნდა გავაგრძელოთ. ბოლოს შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი ამოცანა არ არის მხოლოდ პრობლემების დაყენება, არამედ მასთან ერთად გადაჭრის გზების მოძიება. ერთ-ერთ ცენტრალურ საკითხად რჩება დევნილების დაბრუნება და ამ საკითხის პრაქტიკული გადაჭრისათვის ვიმუშავებთ. ჩვენ მოვუწოდეთ დისკუსიის ყველა მონაწილეს, რომ მომდევნო რაუნდზე ეს საკითხები შინაარსობრივად განვიხილოთ. თანაფასილიტატორები საქმიანად არიან განწყობილნი და ვიმედოვნებთ, რომ ამ პრობლემების პოლიტიზირება არ მოხდება", - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 26-ე რაუნდი 17-18 დეკემბერს გაიმართა.