ამგვარად უპასუხა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა "ტაბულას" კითხვას, თუ როგორ აფასებს ახალ სახელწოდებასთან დაკავშირებით გამოთქმულ მოსაზრებებს, მათ შორის პარლამენტის წევრ შოთა მალაშხიას პოზიციას, რომელმაც ახალი სახელი გააკრიტიკა.
"ჩვენს სახელმწიფოში სიტყვის თავისუფლებაა და ყველა მოქალაქეს, იქნება ეს შოთა მალაშხია თუ თამარ ჩხეიძე, აქვს უფლება, შეაფასოს ჩვენი უწყების ახალი სახელი და საკუთარი მოსაზრება დააფიქსიროს. თავის დროზე, ანუ 2008 წელს მეც გამოვეხმაურე ამ თანამდებობისთვის "რეინტერგაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის დარქმევას და უარყოფითი პოზიცია დავაფიქსირე. რა თქმა უნდა, საკუთარი პოზიციის დაფიქსირების უფლება ასევე აქვს მალაშხიას. ამ პოზიციას რომ ვიზიარებდეთ, სახელწოდება არ შეიცვლებოდა, მაგრამ რადგანაც შევცვალეთ, ეს იმას ნიშნავს, რომ ასე მიგვაჩნია სწორად", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.
მთავრობის დადგენილებით, 2014 წლის 1 იანვრიდან "სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში" შეიცვალა სახელწოდებით - "სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში". სახელმწიფო მინისტრის განმარტებით, ახალი სახელი შეიცავს ორ მიმართულებას - კონფლიქტებსა და ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციას. კერძოდ, "შერიგების" კომპონენტი შეეხება კონფლიქტების მოგვარებას, ხოლო "სამოქალაქო თანასწორობა" - საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც ინტეგრაციის საკითხები ეხებათ.
2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული პრეზიდენტის ფიცის დადების მომენტიდან ამოქმედებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, სახელმწიფო მინისტრების თანამდებობები ნაცვლად პრეზიდენტის ბრძანებულებისა, საქართველოს მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება.