ქეთევან ციხელაშვილი სოფელ ღოღეთში იმყოფებოდა

23 January 2014

ქეთევან ციხელაშვილი ღოღეთში ევროკავშირის ელჩთან, ფილიპ დიმიტროვთან და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) წარმომადგენელთან საქართველოში სიმონე ვოლკენთან ერთად ჩავიდა.

მათ ღოღეთში მცხოვრებ 77 ოჯახს ევროკავშირის ფინანსური ხელშეწყობით ფინანსური და სხვა სახის მატერიალური დახმარება გადასცეს. მოსახლეობის დახმარების პროექტს UNHCR ახორციელებს.

"მადლობას ვუხდით ჩვენს პარტნიორებს. ძალიან მნიშვნელოვანია მათი მხრიდან როგორც პოლიტიკური მხარდაჭერა, ისე ამგვარი - ჰუმანიტარული აქტივობები, რაც მოსახლეობას ზამთრის პერიოდში პირობებს შეუმსუბუქებს. ეს ჩვენი ხალხის და სამშვიდობო პოლიტიკის მიმართ მხარდაჭერის გამოხატულება და მავთულხლართებისა და ოკუპაციის წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯია", - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირებაზე დროებითი სამთავრობო კვლავ აგრძელებს მუშაობას, მათ შორის საერთაშორისო დონორებთან.

კომისიის საქმიანობის ფარგლებში გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში უკვე განხორციელდა და მიმდინარეობს პროექტები ზამთრის პერიოდში მოსახლეობის გათბობის უზრუნველყოფისთვის, სასმელი და სარწყავი წყლის პრობლემის მოგვარების, გაზიფიცირების, განათლების, სამედიცინო მომსახურების მიმართულებებით. ასევე, იგეგმება დამატებით 6 სარწყავი წყლის სატუმბი სადგურის მოწესრიგება ზაფხულის პერიოდისთვის და 5 სოფელში დამატებით სასმელი წყლის ჭაბურღილების მოწყობა.